საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ თუ რუსეთი არ გააუქმებს 16 აპრილის გადაწყვეტილებას ცხინვალთან და სოხუმთან ურთიერთობების ლეგალიზაციის თაობაზე და არ გაიყვანს დამატებით ძალებს აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან, ”უახლოეს დღეებში დღის წესრიგში დადგება” რუსი სამშვიდობოების გაყვანის საკითხი.
ამის შესახებ დღეს ბოკერიამ პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან საგარეო საკითხებზე გამართული კონსულტაციების შემდეგ გააკეთა ჟურნალისტებთან განცხადება.
”დღის წესრიგში მთავარი საკითხი დგას ე.წ სამშვიდობოების სტატუსი და მათი მომავლის საკითხი, უფრო სწორედ იმ მომავლის, რომ მათ სტატუსი მალე აღარ ექნებათ,”- აღნიშნა მან.
იმავდროულად, მმართველი პარტიის დეპუტატმა გივი თარგამაძემ, რომელიც სავარაუდოდ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას ხელმეორედ დაიკავებს პარლამენტში, განაცხადა, რომ თბილისი უარს არ ამბობს ძალის არ გამოყენებისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე სოხუმთან იმ პირობით, თუ იმავე შეთანხმებაში დევნილთა უპირობო დაბრუნება იქნება გათვალისწინებული.
”ჩვენ ყოველთვის ვიყავით მზად ასეთი შეთანხმების ხემოლწერისათვის, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იმავდროულად იმავე დოკუმენტში იქნება განსაზღვრული ყველა დევნილის უპირობო დაბრუნება,”- განუცხადა მან დღეს ჟურნალისტებს, ”ასეთ შემთხვევაში ჩვენ ნებისმიერ მომენტში ვართ მზად ხელი მოვაწეროთ დოკუმენტს”.
9 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა თბილისს ხელი მოაწეროს სოხუმთან ძალის არ გამოყენების შესახებ შეთანხმებას და გაიყვანოს ძალები ზემო კოდორის ხეობიდან, რაც მოსკოვის თქმით, გახდება ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების განახლებისა და კონფლიქტის მოგვარების წინაპირობა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)