პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ იგი ქმნის არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მისთვის ამჟამად პოლიტიკაში ყოფნის ახალი ფორმაა.
ბურჯანაძემ 17 ივნისს ინტერვიუ მისცა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თოქშოუს ”დღის კომენტარი”. ეს მისი პირველი ინტერვიუ იყო მას შემდეგ, რაც მან 21 აპრილს პარტიულ სიებზე შეუთანხმებლობის მოტივით მმართველი პარტია დატოვა.
ინტერვიუში ბურჯანაძემ ისაუბრა მის მოკლევადიან გეგმებზე დემოკრატიული განვითარების ფონდის შექმნასთან დაკავშირებით, ასევე ხელისუფლების რამოდენიმე შეცდომაზე.
”სამწუხარო რეალობაა ის, რომ ამ [21 მაისის საპარლამენტო] არჩევნების პერიოდში პრაქტიკულად პოლიტიკური პროცესების მნიშვნელოვანი დისკრედიტაცია მოხდა. მოხდა დისკრედიტაცია როგორც ოპოზიციის მხრიდან, ასევე გარკვეულწილად ხელისუფლების მხრიდანაც, ვინაიდან ძალიან ბევრი რამ პოლიტიკურ ცხოვრებაში ისე არ იყო წარმოჩენილი მოსახლეობისათვის, როგორც ეს მოსახლეობას სჭირდებოდა. ნაწილობრივ ამანაც განაპირობა ის შედარებით დაბალი აქტიურობა, რომელიც იყო არჩევნების დღეს,” – განაცხადა მან.
”ის, რომ პარლამენტში არსებობდა ასეთი დიდი და ძლიერი საპარლამენტო უმრავლესობა და პრაქტიკულად არ იყო, ან სუსტი იყო ოპოზიცია, არ უწყობდა ეს ხელს პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის გაძლიერებას,” – განაცხადა მან, ”დღეს ვითარება პრაქტიკულად ისეთივეა, შეიძლება კიდევ უფრო რთული იმ თვალსაზრისით, რომ ოპოზიცია არ არის პარლამენტში წარმოდგენილი… მე ნამდვილად ვისურვებდი, რომ პარლამენტი იყოს უფრო მეტად პოლიტიკურად მრავალფეროვანი.”
მან განაცხადა, რომ ოპოზიციის შეცდომები 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინ ერთ-ერთი მიზეზია, რამაც საკანონმდებლო ორგანოს დღევანდელი შემადგენლობა განაპირობა.
”გარდა ამისა არის ძალიან ბევრი სხვა მიზეზი,” – განაგრძო მან, ”ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც არ შეიცვლება არჩევნებამდე ორი თუ სამი თვით ადრე, რომელიც არ იქნება საარჩევნო კონიუნქტურაზე დამოკიდებული, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი საარჩევნო ადმინისტრაციები, რომლებიც მართლაც იქნება თავიდან ბოლომდე გარანტი იმისა, რომ თუნდაც მოსახლეობას არ გაუჩნდება ისეთი დამოკიდებულება, რომ არ აქვს მნიშვნელობა არჩევნებზე მიხვალ, თუ არა”.
ბურჯანაძის თქმით, არსებული პრობლემები მხოლოდ ზედაპირულად განიხილება, მაშინ როცა მათი სიღრმისეული ანალიზია საჭირო. მან ასევე განაცხადა, რომ დემოკრატიული განვითარების ფონდის ერთ-ერთი ამოცანა იქნება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პრობლემების ექსპერტულ დონეზე შეფასება და მზა ”რეცეპტების” მომზადება ამა თუ იმ პრობლემის გადასაწყვეტად.
ბურჯანაძის თქმით, ფონდი ”ღია იქნება” პროფესიონალებისთვის, ექსპერტებისა და აკადემიური წრეებისთვის. ექსპერტთა შეხედულებების იგნორირება ”ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა იყო” ბოლო წლების განმავლობაში, განაცხადა მან.
”არ უნდა იყოს განცდა, რომ მხოლოდ ერთმა კონკრეტულმა ჯგუფმა იცის, რა სჭირდება ქვეყანას და როგორ უნდა გადაწყვიტოს ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები,” – დასძინა ბურჯანაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ფონდი, რომელსაც ძირითადად საერთაშორისო დონორები დააფინანსებენ, არ ისახავს მიზნად ”ვინმეს მხარდაჭერას, ან ვინმეს წინააღმდეგ ბრძოლას”. მისი თქმით, ფონდის და მისი ახალი პარტნიორების პრეზენტაცია მომდევნო ორი კვირის განმავლობაში იგეგმება.
ბურჯანაძემ ასევე განაცხადა: ”ფონდის შექმნა ამჟამად ჩემთვის პრიორიტეტია და ეს არის ჩემი პოლიტიკაში ყოფნის ახალი ფორმა”. თუმცა ასევე მიანიშნა, რომ სხვა ფორმით შეიძლება გააგრძელოს პოლიტიკური საქმიანობა. მან გრძელვადიანი გეგმების შესახებ კონკრეტულ საუბარს თავი აარიდა.
კითხვაზე რა იყო ხელისუფლების ძირითადი შეცდომები და მიღწევები, მან განაცხადა, რომ უდიდესი მიღწევაა, რომ ”სახელმწიფო შედგა”.
”ძალიან თვალშისაცემია ის, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი რამ გაკეთდა ქვეყანაში, მნიშვნელოვანი ცვლილებები იყო, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია და აუცილებლად პასუხგასაცემია ის კითხვა, თუ როგორ ვითარდება დღეს ქვეყანა, რამდენად სწორად მიმდინარეობს რეფორმები მთელი რიგი მიმართულებით. ამ კითხვებში ჩემთვის ძალიან მნიშველოვანია სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები, იგივე ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები, საკითხები, რომლებიც ეკონომიკური პოლიტიკის შემდგომ განვითარებას ეხება,” – განაცხადა ბურჯანაძემ, ”მაგრამ ახლა რევოლუციური ეტაპი ნამდვილად უნდა დასრულდეს, არჩევნები უნდა ყოფილიყო ის პერიოდი, როდესაც ეს რევოლუციური ეტაპი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულებულიყო. ახლა უკვე მნიშვნელოვანია იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელიც მე მოგახსენეთ”.
მისი თქმით, იყო მთელი რიგი შეცდომები, რომელმაც გამოიწვია ”ერთი ყველაზე მძიმე შეცდომა, რომელიც პირადად ჩემთვისაც და ძალიან ბევრი ადამიანისათვის იყო ტრაგედია – 7 ნოემბერი”. ბურჯანაძემ ასევე განაცხადა, რომ ტელეკომპანია ”იმედის” დარბევაც ასევე დიდი შეცდომა იყო. ”ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ამგვარი შეცდომები გამეორდეს,” – დასძინა მან.
”მე ძალიან ბევრჯერ მსმენია იმის თაობაზე, რომ ბურჯანაძე უნდა გადამდგარიყო 7 ნოემბერს; მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ – მე კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ ადამიანებს, ვინც ამას ამბობს. 7 ნოემბერს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ქვეყნის მეორე პირის გადადგომა… მე რომ იმ ტიპის ადამიანი ვიყო, რომელიც მხოლოდ საკუთარ რეიტინგზე ფიქრობს, რა თქმა უნდა, 7 ნოემბერი საუკეთესო პერიოდი იყო ჩემი გადადგომისათვის, მაგრამ მე არ მქონდა უფლება იმ პერიოდში და ზოგადად ვთვლი, რომ არც სხვა დროს მაქვს უფლება ვიფიქრო საკუთარ რეიტინგზე და არ ვიფიქრო ქვეყანაზე. მაშინ გადადგომა იქნებოდა დანაშაული ქვეყნის წინაშე”.
გავრცელებული ინფორმაციით, ბურჯანაძე დეპუტატად აპირებს კენჭისყრას შემოდგომაზე თბილისის ორ მაჟორიტარულ ოლქში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში. თუმცა, მან განაცხადა, რომ ამჟამად მისთვის პრიორიტეტს ფონდი წარმოადგნეს და ძალიან ადრეა არჩევნებზე საუბარი.