საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტმა არ დააკმაყოფილა ლეიბორისტული პარტიის განცხადება მათი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე იმ მოტივით, რომ დოკუმენტი იურიდიულად სწორად არ იყო შედგენილი.
ოთხმა დეპუტატმა ლეიბორისტული პარტიიდან, მისი ლიდერის შალვა ნათელაშვილის ჩათვლით, განცხადებაში პარლამენტი ”ნაციონალური მოძრაობის შტაბად”, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე შტაბის უფროსად მოიხსენია. ლეიბორისტული პარტიის განმარტებით, იგი არ აღიარებს პარლამენტის ლეგიტიმურობას და მას საქართველოს პარლამენტად ვერ მოიხსენიებს.
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტმა პარლამენტის ბიუროს მიმართა რეკომენდაციით ლეიბორისტი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი არ იქნას განხილული პლენარულ სხდომაზე. ამ რეკომენდაციის გაზიარების შემთხვევაში, ლეიბორისტები მანდატებს შეინარჩუნებენ მანამ, სანამ ხელახლა არ დაწერენ უკვე გამართულ განცხადებებს.
ზოგიერთმა ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ მიმართვის არაიურიდიული ფორმა შესაძლოა განზრახ იქნა გამოყენებული ლეიბორისტების მოთხოვნის განხილვის გაჭიანურებისთვის.
კახა კუკავამ კონსერვატიული პარტიიდან 19 ივნისს განაცხადა, რომ ლეიბორისტული პარტია, ერთის მხრივ, ”ხელისუფლების თამაშს თამაშობს,” ხოლო მეორე მხრივ, ისე ცდილობს წარმოაჩინოს საკუთარი თავი, თითქოს მანდატებზე უარის თქმას აპირებს.
იმავდროულად, 26 ივნისს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტმა დააკმაყოფილა დეპუტატ ირაკლი იაშვილის განცხადება მისი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება უნდა დაამტკიცოს. შედეგად, იაშვილი შეუერთდება იმ დანარჩენ თერთმეტ დეპუტატს, რომელთაც უარი თქვეს სადეპუტატო მანდატებზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)