Site icon Civil.ge

საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება შეაფერხებს კონფლიქტების მოგვარებას – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებამ, რაზეც ოპტიმიზმით საუბრობდა თბილისში ვიზიტად მყოფი აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, შესაძლოა ხაზი გადაუსვას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარებას.

ეს განცხადება ლავროვმა მოსკოვში ვიზიტად მყოფ აფხაზეთის ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან შეხვედრაზე გააკეთა.

ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვში ”დიდი შეშფოთებით მოისმინეს, როცა რაისი საუბრობდა იმაზე, რომ საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება მოაგვარებს აფხაზურ და სამხრეთ ოსურ პრობლემებს”.

კონდოლიზა რაისმა 10 ივლისს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: ”ვფიქრობ, რომ საქართველოს MAP-ით ძალიან კარგი სტატუსი ექნება, საიდანაც ქართველებს შეეძლებათ წინსვლა თავიანთი გაყინული კონფლიქტების მოგვარებისკენ”.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბაღაფშთან შეხვედრისას ასევე განაცხადა, რომ პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას სიტუაციას განმუხტვისკენ რეგიონში, უნდა იყოს ძალის არ გამოყენების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა.

ამავდროულად, აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ლავროვთან შეხვედრის შემდეგ არ გამორიცხა საქართველოსთან შეიარაღებული კონფლიქტის შესაძლებლობა.

”ჩვენ არაფერს არ გამოვრიცხავთ, რადგანაც საქართველომ ტერორიზმის გზა აირჩია და ტერორიზმი არის გზა, რომელიც გარდაუვლად მიგვიყვანს კონფრონტაციამდე,” – იტყობინება ”რია ნოვოსტი” ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)