პარლამენტისთვის გაგზავნილ ღია წერილში ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ორგანოს რეაქცია გააკრიტიკეს სახალხო დამცველის მოხსენებაზე და განაცხადეს, რომ მმართველი პარტიის პასუხი ”ცინიკური” იყო.
პარლამენტმა სახალხო დამცველს 2007 წელს ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ რამდენიმე თვიანი გაჭიანურების შემდეგ 15 ივლისს მოუსმინა და მისი მოხსენება ცნობად მიიღო. სოზარ სუბარს მისი კრიტიკული მოხსენების გამო, რაც ძირითადად ნოემბრის მოვლენებს ეხებოდა, მმართველი პარტიის დეპუტატებმა შეუტიეს და მას ”არაკომპეტენტური” და ”პოლიტიკურად მოტივირებული” უწოდეს.
”სახალხო დამცველის ანგარიში მომზადებულია საქართველოს მოქალაქეების საჩივრებზე დაყრდნობით და ნათლად ასახავს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში შექმნილ კრიტიკულ მდგომარეობას,” – ნათქვამია ღია წერილში, რომელსაც 36 ადამიანი აწერს ხელს, ”იგი წარმოადგენს ფუნდამენტურ უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტების სისტემატიზაციას და ღრმა ანალიზს”.
ხელმომწერებს შორის არიან: ია ანთაძე, ნინო ციხისთავი, მზია ბოლქვაძე, თამარ ცაგარეიშვილი, ვახტანგ კომახიძე, მამუკა ღლონტი, შორენა შავერდაშვილი, რატი ამაღლობელი, ლელა ცისკარიშვილი, ნანა ნაზაროვა, ნინია კაკაბაძე, გიორგი ჩხეიძე, ლელა გაფრინდაშვილი, ნინო ლეჟავა, გაგა ნიჟარაძე, მარინე ჩიტაშვილი, ზაზა ფირალიშვილი, ლევან ყიფიანი, შადიმან შამანაძე, ნაირა გელაშვილი, მალხაზ ხარბედია, ზვიად რატიანი, ირაკლი სამსონაძე, გია ალიბეგაშვილი, შალვა ფიჩხაძე, ნატო ზაზაშვილი, ირაკლი ტრიპოლსკი, ჯემშიდ გიუნაშვილი, გიორგი ხუციშვილი, ნინო ზურიაშვილი, მამუკა ყუფარიძე, ნინო მახაშვილი, ელისო ჩაფიძე, ლაშა ტუღუში, იაგო კაჭკაჭიშვილი და გია გორგოძე.
”მოსმენის შემდეგ პარლამენტმა სახალხო დამცველის ანგარიში მხოლოდ ცნობად მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ ანგარიშში ასახული დარღვევები არ იქნება შესწავლილი, არ დადგება უფლებების დამრღვევთა პასუხისმგებლობის საკითხი და დარღვეული უფლებები არ აღდგება,” – ნათქვამია ღია წერილში, ”შეშფოთებული ვართ საქართველოს პარლამენტის მიერ დემოკრატიისადმი ცინიკური დამოკიდებულებით”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)