Site icon Civil.ge

თბილისი აცხადებს, რომ კონფლიქტის ზონაში ”ეთნიკური წმენდა” მოხდა

თბილისის განცხადებით, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები თავს ესხმიან და ძარცვავენ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში და მის ფარგლებს მიღმა მდებარე სოფლების ქართულ მოსახლეობას. 

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება, 13 აგვისტოს განაცხადა, რომ რეგიონიდან მოდის ”სერიოზული ძალადობის შესახებ აღმაშფოთებელი ინფორმაცია”.

”ჩვენ გაგვაჩნია აღმაშფოთებელი ინფორმაცია, რომ სოფლები გადაიწვა და უდანაშაულო ხალხს კლავენ,” – განაცხადა ბრაიზამ საქართველოს ეროვნული უშიშროების მდივანთან ალექსანდრე ლომაიასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ბრაიზამ ასევე დასძინა, რომ მართალია არ უნახავს, მაგრამ ”ჩვენ გარკვეულ დონეზე ვენდობით ამ ინფორმაციას”.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ რეგიონიდან მოდის ინფორმაცია ”ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების შესახებ”.

”ბალკანური ტიპის ეთნიკური წმენდა და გასუფთავების კამპანია ხორციელდება,” – განაცხადა სააკაშვილმა.

13 აგვისტოს დილით საფრანგეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ცხინვალის მახლობლად მდებარე ქართულ სოფლებზე ”თავდასხმები და ეთნიკური წმენდა” ხორციელდება.

BBC World-ის და CNN-ის კორესპონდენტებმა ადგილიდან 13 აგვისტოს გადმოსცეს, გორში თვითმხილველებზე დაყრდნობით, რომ გასამხედროებული ჯგუფები, სავარაუდოდ ოსი მებრძოლები, იარაღის მუქარით ძარცვავენ ადგილობრივ მოსახელობას.  თუმცა, მათ ისიც განაცხადეს, რომ ეს საკუთარი თვალით არ უნახავთ.

12 აგვისტოს Associated Press-ის კორესპონდენტი იტყობინებოდა, რომ მან ნახა როგორ იწვოდა სულ ცოტა ათი ქართული სახლი და ასევე ძარცვის მოწმეც გახდა ამ რეგიონში.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა თავიანთი ტანკები გორში შეიყვანეს, რომელთაც მოყვნენ გასამხედროებული ჯგუფები და ”დაქირავებული მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდან”. 

”რუსეთმა მუხანათურად დაარღვია სიტყვა [ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ], რომელიც გუშინ იქნა შეთანხმებული პრეზიდენტ სარკოზის თანდასწრებით, და დღეს დილით გორში ტანკები შეიყვანა,” – განაცხადა მან 13 აგვისტოს დილით.

მისი თქმით, ამ ქმედებების საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს შექმნას ელჩების ჯგუფი, სავარაუდოდ, საფრანგეთის, როგორც მხარეებს შორის შუამავალი ქვეყნის, ელჩის ხელმძღვანელობით, რომელიც ”სასწრაფოდ” გაემგზავრება გორში და ”კატეგორიულად მოითხოვს” ინციდენტების აღკვეთას.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პარლამენტი აპირებს დეპუტატების სპეციალური ჯგუფის ჩამოყალიბებას, რომელიც ”ეთნიკური წმენდის” შესაძლო შემთხვევებს გამოიძიებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)