ორივე მხარის მოსახლეობა, როგორც გორში, ისე ცხინვალში, განურჩეველი თავდასხმების მსხვერპლი გახდა, განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციამ Human Rights Watch (HRW)-მა 14 აგვისტოს.
12 აგვისტოს გორის ცენტრალურ მოედანზე განხორციელებული შეტევის დროს 12 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათობით მოქალაქე დაშავდა, განაცხადა ორგანიზაციამ. ხოლო ცხინვალში HRW-ის მკვლევარებმა დაბომბვის შედეგად განადგურებული უამრავი საცხოვრებელი შენობა და სახლი ნახეს.
”ზოგიერთ მათგანს ჭურვები მოხვდა, რომლებიც სავარაუდოდ ”გრადის” ტიპის ყუმბარმტყორცნებიდან გამოისროლეს, იარაღიდან, რომელიც არ უნდა გამოიყენებოდეს მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებულ ადგილებში, რადგანაც მათი დამიზნება მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე შეუძლებელია,” – ნათქვამია განცხადებაში.
”Human Rights Watch-მა გამოხატა ღრმა შეშფოთება ამ თავდასხმების განურჩეველი ხასიათის გამო, რამაც მოსახლეობის ასეთი მსხვერპლი გამოიწვია,” – აცხადებს ორგანიზაცია.
HRW-ის წარმომადგენელმა ანა ნეისტატმა, რომელიც სამხრეთ ოსეთში ჰუმანიტარული ზარალის შემსწავლელ ჯგუფს ხელმძღვანელობს, Guardian-ს განუცხადა, რომ რუსეთის განცხადება, რომ 2 ათასი ოსი დაიღუპა ”გაზვიადებულია”.
”ის მაჩვენებელი, რომ 2 000 ადამიანი დაიღუპა, საეჭვოა,” – განაცხადა მან. ”ჩვენი დასკვნებით, რუსული სტატისტიკა არ დასტურდება. პირიქით, ამ დასკვნების თანახმად, ეს ციფრები გაზვიადებულია”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)