Site icon Civil.ge

რუსული ჯარების გასვლის სიგნალი არ ჩანს – ევროპის საბჭოს დეპუტატი

არანაირი სიგნალი არ ჩანს, რომ რუსული ძალები ტოვებენ საქართველოში ”ოკუპირებულ” ტერიტორიებს, განაცხადა 20 აგვისტოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელმა საქართველოზე მათიას იორშმა.

”გასვლის თაობაზე რუსეთის პრეზიდენტის ამდენი დაპირების შემდეგ, ჩვენ გასვლის ვერანაირი სიგნალი ვერ ვნახეთ,”- განაცხადა გორიდან დაბრუნებულმა მათიას იორშმა, ”ჩვენ ვნახეთ ჯარები, რომლებიც მოძრაობდნენ ორივე მიმართულებით – ზოგი გორისკენ და სხვები გორიდან თბილისისკენ”.

მათიას იორში ჯგუფის მეორე წევრთან კასტრიო ისლამთან ერთად უკვე მეორე დღეა საქართველოს საგანგებოდ სტუმრობს რუსეთთან კონფლიქტის შედეგების ადგილზე შესაფასებლად. დელეგაცია უკვე შეხვდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და დღეს იმყოფებოდა რუსეთის ძალების მიერ კონტროლირებად ქალაქ გორში. თბილისში დაბრუნებისას დელეგაცია რუსმა სამხედროებმა გააჩერეს და მათი გადაადგილება დროებით შეზღუდეს.

”ტანკმა გადაგვიღობა თბილისისკენ გზა და ჩვენ გვითხრეს, რომ არ შეგვეძლო საგუშაგო გამოგვევლო,”- განაცხადა მათიას იორშმა თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ”ეს მოხდა 21-ე საუკუნეში, თბილისიდან 35 კმ-ის დაშორებით”.

მან ასევე გაუზიარა მედიას გორში განცდილი შთაბეჭდილებები: ”დღეს გორი მოჩვენებათა ქალაქია. ქუჩაში იშვიათად თუ დაინახავ ვინმეს. 30 ათასი დევნილი გორიდან იცდის დანარჩენ საქართველოში, თბილისში და ელის დაბრუნებას”.

”ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ დევნილები, მოქალაქეები, გორელები შეძლებენ დაბრუნებას თავიანთ სახლებში, რაც შეიძლება სწრაფად. საჭიროა ამისთვის გზების გაწმენდა. ჩვენ გავიარეთ რუსული ჯარების მიერ კონტროლირებადი სამი საგუშაგო. ასეთ პირობებში ვერცერთი მოქალაქე ვერ გაბედავს თავის მშობლიურ ქალაქში დაბრუნებას,”- აღნიშნა მან.

მისი თქმით, რუსეთმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა გორში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ძარცვაზე.

”გარდა იმ სახლებისა, რომელიც დაიბომბა, ჩვენ დღეს შევნიშნეთ უდიდესი პრობლემა გორში გაძარცვული ინფრასტრუქტურის სახით,”- განაცხადა მან, ”ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვიცით ვინ იყო მძარცველი, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად, ოკუპანტი ძალაა სრული პასუხისმგებელი ყველაფერზე რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. გაძარცვულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ფედერაციამ უნდა აიღოს მთელი პასუხისმგებლობა”.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მედიას ეკრძალება გორში შესვლა და მუშაობა. ”მედიის თავისუფლება იქ ნანახის გაშუქების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ყველასთვის, რათა იცოდეს სიმართლე და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სიმართლის არავის არ ეშინია,”- აღნიშნა მან. 

”ეს ხდება ევროპის საბჭოს ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე ევროპის საბჭოს მეორე ქვეყნის მიერ. ევროპის საბჭო მხარს უჭერს ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას, კანონის უზენაესობას. სხვა ქვეყნის ოკუპაცია ყველაფერია დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის გარდა,”- განაცხადა მან.

”ვნახე რა საქართველოში მიმდინარე კონფლიქტი, ეს არაა სამხრეთ ოსეთი, რაზეც ფსონია დადებული. სასწორზე დევს საქართველოს დამოუკიდებლობა… სასწორზე იდება ახალი მსოფლიო წესრიგი,”- განაგრძო იორშმა, ”ამ ახალ მსოფლიოს წესრიგში, თუ ქვეყანა გადაწყვეტს, რომ გაბრაზებულია ან უთანხმოება აქვს მეორე ქვეყანასთან, ის იყენებს ჯარებს და ტერიტორიის ოკუპაციას ახდენს. თქვენ შეიძლება მკითხოთ რისი გაკეთება შეგვიძლია – მე კი გიპასუხებთ: მარტო არაფრის, გარდა იმისა, რომ ჩამოვიდეთ თბილისში და გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ”.

სულ ცოტა ორი საგუშაგო გააუქმეს რუსულმა ძალებმა გორში 20 აგვისტოს. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, რუსული ძალები სხვა ადგილებში იმაგრებენ პოზიციებს. საქართველოს ხელისუფლების თქმით, რუსული ძალები ახალ საგუშაგოს ხსნიან გორის შესასვლელში. რუსული ძალები ასევე რჩებიან იგოეთში.

ამავდროულად, ”როიტერი” იტყობინება, რომ მისმა კორესპონდენტმა ადგილზე დაინახა 20 აგვისროს შუადღისთვის, როგორ დაიძრნენ რუსული სამხედრო მანქანები როკის გვირაბისკენ. თუმცა, ამავე ინფორმაციით, კოლონაში ჯავშანმანქანები არ იყო.

თეთრმა სახლმა განაცხადა 20 აგვისტოს, რომ რუსული ძალების გაყვანის ნიშნები გაჩნდა, თუმცა პროცესი საკმარისად სწრაფად არ მიმდინარეობს.  

”ეს პროცესი უმნიშვნელოდ მიმდინარეობს და უნდა გაიზარდოს,” – განუცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გორდონ ჯონდრომ ჟურნალისტებს. ”გაყვანის მოცულობა და ტემპი უნდა გაიზარდოს და უნდა გაიზარდოს ადრე თუ გვიან.  არა მგონია, რომ მათ დამატებითი დრო სჭირდებათ”.   

 

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)