დღეს გორში 63 ქართველი ტყვეს გადმოცემის სანაცვლოდ საქართველოს ხელისუფლებამ რუსულ მხარეს 8 ოსი ტყვე გადასცა.
ქართული ტელევიზიების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ გათავისუფლებული ტყვეების უმეტესობა ქალები და მოხუცები იყვნენ როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს.
რუსულ მხარეს ტყვეთა გაცვლის პროცესში მონაწილეობდა გენერალ-მაიორი ალექსანდრე ბორისოვი, ხოლო ქართულ მხარეს წარმოადგენდა უშიშროების საბჭოს მდივანი კახა ლომაია, თავდაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა მუჯირი, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომისიის კოორდინატორი, დეპუტატი გივი თარგამაძე.
ქართული მხარის ცნობით, ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორში 101 ქართველი სამოქალაქო პირი რჩება ტყვეობაში, ძირითადად, ცხინვალის ახლომდებარე სოფლებიდან.
”მოლაპარაკება გვაქვს, რომ საღამომდე გადმოგვცენ ეს პირებიც,”- განუცხადა მამუკა მუჯირმა ჟურნალისტებს.
მხარეებმა 19 აგვისტოს იგოეთთან უკვე გაცვალეს 15 ქართველი და 5 რუსი სამხედრო ტყვე.
ქართული მხარე ასევე აცხადებს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გადმოსვენებაზე, რომელთა ცხედრები ცხინვალის რეგიონში რჩება.
გივი თარგამაძის თქმით, საუბარია, დაახლოებით, 45 გარდაცვლილ ჯარისკაცზე.
ოფიციალური ინფორმაციით, საომარი მოქმედებების შედეგად 215 ადამიანი დაიღუპა, აქედან 69 მშვიდობიანი მოქალაქე. თუმცა, როგორც ჩანს, ეს მონაცემი კიდევ გაიზრდება.