თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი უკმაყოფილოა ადგილზე განვითარებული მოვლენებით და რუსული ძალების გაყვანის ტემპით.
”რუსებმა პატივი უნდა სცენ თავიანთ ვალდებულებას,” განუცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გორდონ ჯონდრომ ჟურნალისტებს 21 აგვისტოს. ”მათ აიღეს გაყვანის ვალდებულება; ჩვენ ველით, რომ ისინი გავლენ”.
”თუ გასვლას აქვს ადგილი, ეს პროცესი ძალიან შეზღუდულია. და არსებობს საპირისპირო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც იქ არის ახალი, დამატებითი ძალები, ან ძალები, რომლებიც იქ იმყარებენ პოზიციებს… რაც ჩვენ დანამდვილებით ვიცით არის ის, რომ გაყვანა სწრაფი ტემპებით არ ხდება, თუკი საერთოდ დაწყებულია. გაყვანა უნდა დაიწყოს და უნდა დაიწყოს ახლავე”.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბრაიან ვიტმანმა ასევე განაცხადა, რომ გაყვანის რაიმე ნიშანი არ ჩანს.
”არ არსებობს ბევრი მტკიცებულება რუსების გაასვლისა. შესაძლოა იქ დღემდე იყო რაღაც მინიმანლური გადაადგილებები,” – განაცხადა მან.
ამავდროულად, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა განაცხადა 21 აგვისტოს, რომ თითქოს გაჩნდა იმის ნიშნები, რომ რუსეთმა დაიწყო თავისი ვალდებულების შესრულება.
”ველით, რომ რუსეთი პატივისცემით მოეკიდება თავის სიტყვას,” – განუცხადა კუშნერმა ჟურნალისტებს პარიზში. ამის შესახებ Associated Press-ი იტყობინება. ”ჩვენ ორჯერ დიდი იმედებით ველოდით ამას. ამჯერად, როგორც ჩანს, ეს პროცესი დაიწყო მაინც”.
იგი იმ ინფორმაციას გულისხმობდა, რომლის თანახმადაც რუსულმა ძალებმა და სამხედრო ტექნიკამ, მათ შორის 21 ტანკმა სამხრეთ ოსეთიდან რუსეთისკენ დაიწყო გადაადგილება.
21 აგვისტოს პრესკონფერენციაზე, თეთრი სახლის ოფიციალურ წარმომადგენელს სთხოვეს დაეკონკრეტებინა, თუ რას ნიშნავდა ტერმინი ”არაპროპორციული ძალის გამოყენება,” რომლითაც დასავლეთის წარმომადგენლები ხშირად აღწერენ რუსეთის საქართველოში ინტერვენციას.
”რუსეთს ჰყავდა და ჰყავს სამშვიდობოები სამხრეთ ოსეთში. ჩვენ გვესმის მათი სურვილი დაიცვან თავიანთი სამშვიდობოები,” – განაცხადა გორდონ ჯონდრომ. ”რაც შეეხება იმას, თუ რა არის და რა იყო არაპროპორციული, ეს ეხება ქართული სამხედრო ინფრასტრუქტურის, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სისტემატურ განადგურებას. თუ რუსების მიზანი მხოლოდ რუსი სამშვიდობოების დაცვა იყო, მაშინ ჩვენთვის გაუგებარია რატომ – და ამიტომაც მიგვაჩნია არაპროპორციულად – გასცდნენ ისინი სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის ფარგლებს, რაც უდავო საქართველოს ტერიტორიას წარმოადგენს”.
მან ასევე განაცხადა, რომ ნატომ უკვე შეწყვიტა თანამშრომლობა რუსეთთან, სანამ არ მოგვარდება სიტუაცია საქართველოში.
”მე ვერ წარმომიდგენია ისეთი ვითარება, რაც ჩვენ შეგვაძლებინებს რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის დამყარებას, ვიდრე საქართველოში სიტუაცია არ მოგვარდება,” – განაცხადა მან. ”სწორედ ახლა რუსები ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის იმ ვალდებულებასთან, რომ გახდე ევროპის ნაწილი”.
”რუსეთის ქმედებას გარკვეული შედეგები მოყვება, ამაში ეჭვი არ არსებობს. მაგრამ, მე ვფიქრობ, რუსეთი უკვე იმკის თავისი ზოგიერთი ქმდებების შედეგს. და მათი შემდგომი წინააღმდეგობა შეასრულონ გაყვანის გეგმა, მხოლოდ მათ შემდგომ იზოლაციას გამოიწვევს,” – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)