Site icon Civil.ge

”რუსების გასვლა კარგი დასაწყისია, თუმცა ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა” – სააკაშვილი

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ” სართაშორისო საზოგადოების უპრეცენდენტო ზემოქმედებით” რუსეთმა დაიწყო ძალების გაყვანა საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში არსებული ქალაქებიდან, რასაც მან ”კარგი დასაწყისი” უწოდა.

22 აგვისტოს გვიან ღამით ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ დედაქალაქი რუსეთის პირდაპირი აგრესიის საფრთხის ქვეშ იყო.

”ილუზია არ უნდა შევიქმნათ, რომ ყველაფერს ადვილად მივაღწევთ,” – განაცხადა მან, ”სრულიად ნათელია, რომ ვიდრე საოკუპაციო ჯარებს საერთაშორისო სამშვიდობო კონტიგენტი არ ჩაანაცვლებს, კონფლიქტების რაიმე სახით მოწესრიგებასა და საქართველოს ტერიტორიის სრულ გათავისუფლებაზე ლაპარაკიც წარმოუდგენელია”.

მართალია რუსული ძალები გავიდნენ გორიდან და სხვა დასახლებებიდან, ისინი კვლავ აკონტროლებენ ფოთის შესასვლელს და კიდევ რამდენიმე პუნქტს დასავლეთ საქართველოში. 

”ჩვენმა ჯარებმა შეძლეს რუსული არმიის უზარმაზარი შემოტევის მოგერიება სამი დღის განმავლობაში, სანამ მსოფლიო გაიღვიძებდა,” – განაცხადა სააკაშვილმა, ”მიუხედავად ჩვენი უამრავი გაფრთხილებისა [რუსული ინტერვენციის თაობაზე], ამას არავინ მიაქცია ყურადღება… მე თვითონ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ფართომასშტაბიანი შემოჭრა იქნებოდა”.

”როგორც ახლა ჩანს, აბსოლუტურად შეუძლებელი იყო იმის აღკვეთა, რაც მოხდა; რა თქმა უნდა, იმ ვითარებაში, როდესაც არავინ ჩაერია,” – განაცხადა მან.

”მაგრამ ახლა სართაშორისო საზოგადოების უპრეცედენტო მხარდაჭერა გვაქვს,” – დასძინა მან.

სააკაშვილმა ასევე გააფრთხილა, რომ საქართველოს წინ რამდენიმე ძალიან მძიმე თვე ელოდება.

”როგორც არასდროს, ახლა ისე გვჭირდება ერთობა და კონსოლიდაცია,” – განაცხადა მან და დასძინა, რომ მთელმა პოლიტიკურმა ძალებმა საქართველოში ”ძალიან უმნიშვნელო გამონაკლისით” გამოიჩინა ერთობა და ადექვატური შეფასებები მისცეს მოვლენებს.

მან ასევე მიმართა მთავრობს, რომ ”ეთნიკური წმენდის ყველა ფაქტი უნდა იყოს დოკუმენტირებული”. მისი თქმით, ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)