ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე სტუბმა დაგმო რუსეთის გადაწყვეტილება თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების თაობაზე, განაცხადა რა, რომ ”ეს ნაბიჯი არღვევს ეუთოს ფუნდამენტურ პრინციპებს”.
”რუსეთმა უნდა დაიცვას ეუთოს პრინციპები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის გზით,”- განაცხადა სტუბმა საგანგებო განცხადებაში.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ყველა ძალა საქართველოდან და შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, მათ შორის ის განმარტებები, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის 16 აგვისტოს წერილი შეიცავს.
”საერთაშორისო საზოგადოება ვერ შეეგუება ცალმხრივად ჩამოყალიბებულ ბუფერულ ზონებს,”- განაცხადა სტუბმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)