თეთრმა სახლმა რუსეთის პრეზიდენტის ბრალდებას თითქოს აშშ-ს საქართველოში ჰუმანიტარული დახმარების საფარქვეშ იარაღი შემოაქვს, ”სასაცილო” უწოდა.
26 აგვისტოს BBC-თვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი სულაც არ ბლოკავს საპორტო ქალაქ ფოთს, სადაც რუსეთი სამხედრო ყოფნას განაგრძობს ბლოკსაგუშაგოების ფორმით.
”არავითარი ბლოკადა არ ხდება. ნებისმიერ გემს შეუძლია შემოვიდეს, ამერიკულს ან სხვა ნებისმიერს, რომელსაც ჰუმანიტარული ტვირთი შემოაქვს. და რას ეძახიან ამერიკელები ჰუმანიტარულ ტვირთს – რა თქმა უნდა, მათ შემოაქვთ იარაღი,”- განაცხადა მან.
”ეს სასაცილოა,”- განუცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტონი ფრატომ 26 აგვისტოს ჟურნალისტებს, ”მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს მართლაც ჰუმანიტარული ტვირთია, რასაც საქართველოში ვაგზავნით და სხვა არაფერი”.
აშშ-ს სანაპირო დაცვის კატარღა Dallas (WHEC 716) ამჟამად საქართველოში შემოდის მორიგი ჰუმანიტარული ტვირთის შემოსატანად მას შემდეგ, რაც ამერიკულმა რაკეტსაწინააღმდეგო გემმა USS McFaul საქართველოში დაახლოებით 80 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი უკვე ჩამოცალა ბათუმში, სადაც უფრო მცირე ზომის პორტია, ვიდრე ფოთში. ამერიკულმა USS McFaul უკვე დატოვა ბათუმი, თუმცა კვლავ შავ ზღვაში რჩება, აშშ-ს საზღვაო ძალების ინფორმაციის თანახმად.
სამშაბათს ვრცელდებოდა საწინააღმდეგო ინფორმაციები იმასთან დაკავშირებით, ამერიკელები მორიგ ჰუმანიტარულ დახმარებას ბათუმში შემოიტანდნენ, თუ ფოთში.
თუმცა დღეს დილით საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამერიკის სანაპირო დაცვის კატარღა Dallas ჰუმანიტარული ტვირთით ბათუმში შევა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)