Site icon Civil.ge

”გადახედე უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას” – მოუწოდა ბუშმა რუსეთს

აშშ გმობს რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის გადაწყვეტილებას საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის თაობაზე, განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 26 აგვისტოს.

”საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საზღვრებს პატივი უნდა ვცეთ, ისევე როგორც რუსეთის და სხვა ნებისმიერი ქვეყნის. რუსეთის ქმედება მხოლოდ ამწვავებს დაძაბულობას და ართულებს დიპლომატიურ მოლაპარაკებებს,”- განაცხადა მან, ”ჩვენ მოველით, რომ რუსეთი შეასრულებს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს, გადახედავს ამ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას და მიჰყვება მიდგომას, რომელიც ექვს-პუნქტიან გეგმაშია გათვალისწინებული”.

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი შეუსაბამო იყო ექვს-პუნქტიან გეგმასთან. ”ექვს-პუნქტიან გეგმაში შემოთავაზებული იყო კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზა,”- განაცხადა ბუშმა.

”გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების თანახმად ძალაში რჩება, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში რჩება და ასეც უნდა დარჩეს,”- აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)