Site icon Civil.ge

საქართველოში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ”ცოცხალი ჯაჭვის” აქცია მიმდინარეობს

საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ე.წ. ”ცოცხალი ჯაჭვის” აქცია დაიწყო დღის 3 საათზე, რომელშიც ათი ათასობით საქართველოს მოქალაქე იღებს მონაწილეობას. აქციის დევიზია: ”Stop Russia".

თბილისის თითქმის ყველა მთავარ ქუჩაზე ხელიხელჩაკიდებული საქართველოს მოქალაქეები ერთიანობის დემონტრირებას ახდენენ რუსული ოკუპაციის ფონზე. აქცია საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ტარდება.

აქცია იმართება ასევე იმ ადგილებში, სადაც რუსული ბლოკსაგუშაგოებია განთავსებული, მათ შორის, გავრცელებული ინფორმაციით, გორიდან 5 კმ-ში მდებარე სოფელ კარალეთთან და სამეგრელოს ქალაქებში. ”ცოცხალი ჯაჭვის” აქციებს აწყობენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები საზღვარგარეთ, მათ შორის ბრიუსელში.

აქცია ემთხვევა ევროკავშირის სამიტს, რომელიც ამჟამად ბელგიაში იმართება. ამ სამიტისგან თბილისი მხარდამჭერ სიგნალებს ელის.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ის ეკონომიკური თანადგომა, რომელიც ევროკავშირის მხრიდან შეიძლება წამოვიდეს საქართველოს დასახმარებლად, რადგან ”ეკონომიკურ დახმარებაზე დიდწილად არის დამოკიდებული ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება”.

”საქართველო არ არის დამარცხებული,”- განაცხადა პარლამენტის წინ აქციაზე გამოსულმა ბაქრაძემ, ”ჩვენ ვართ ერთად და ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ იმ ტერიტორიებს, რომელიც დღესაა ოკუპირებული. ჩვენ ვართ ერთად და ვუპასუხებთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც დგას დღეს ჩვენს წინაშე”. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)