Site icon Civil.ge

გორში დევნილთა თავშესაფარი გადაჭედილია – გაეროს სააგენტო

გორის თავშესაფარში დამატებითი დევნილების დაბინავების შესაძლებლობები ამოწურულია, განაცხადა გაეროს ლტოლვილთა სააგენტომ (UNHCR) 2 სექტემბერს და დასძინა, რომ შეშფოთებულია გორსა და მიმდებარე ტერიტორიებზე ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო.

UNHCR-მა განაცხადა, რომ 4 200 ადამიანია რეგისტრირებული, როგორც იძულებით გადაადგილებული პირი გორსა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარს შორის მდებარე ე.წ. ბუფერული ზონების სოფლებიდან, სადაც ვითარებას რუსული ძალები აკონტროლებენ.

სააგენტოს წინასწარი შეფასება მიუთითებს, რომ 450-მდე ადამიანმა გორს თავიანთი სოფლებიდან გასულ კვირას შეაფარა თავი ”შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან მასიური მოროდიორობის… ცემის, შევიწროვების, ძარცვის და სახლების დაწვის გამო”.

”დანარჩენი 3 750 თავიან სახლებში თბილისიდან და საქართველოს სხვა კუთხეებიდან ბრუნდებოდა, სადაც მათ გაქცევა სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის დროს მოუწიათ, მაგრამ იძულებულები გახდნენ გორში გაჩერებულიყვნენ, როცა ვერ შეძლეს ბუფერულ ზონაში შეღწევა,”- განაცხადა UNHCR-მა.

დაახლოებით 1 200 დევნილამდე ცხოვრობს UNHCR-ის კარვების ბანაკში გორში; 1 000 მათგანი ადგილობრივმა ოჯახებმა შეიფარეს და 2 000-მდე ადამიანი განაწილებულია 22 კომპაქტურად განსახლების ადგილში ქალაქის ირგვლივ, იუწყება სააგენტო.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ ისინი ზამთრის დადგომამდე გორში  კოტეჯების ჩადგმას გეგმავენ დევნილებისთვის.

ანალიტიკოსმა და ჟურნალისტმა ია ანთაძემ, რომელიც ასევე მუშაობს რადიო ”თავისუფლებისთვის”, განაცხადა, რომ დევნილთა მიმართ ოფიციალური პოლიტიკა მიუთითებს დაკარგული ტერიტორიების მიმართ საქართველოს გრძელვადიან მიდგომაზე.

ქვემოთ მოცემულია ია ანთაძის სრული კომენტარი, რომელიც მან რადიო ”თავისუფლებისთვის” 2 სექტემბერს გააკეთა:

”დღეს შესაძლოა გადაწყვეტილების მიმღებმა პირველმა პირებმაც ზუსტად არ იცოდნენ რას აირჩევს საქართველო – ომს თუ მშვიდობას. გასული წლების განმავლობაში ხელისუფლებისგან მოდიოდა როგორც სამშვიდობო შეთავაზებები აფხაზეთისადმი და ოსებისადმი, ისე გამძაფრებული პატრიოტული რიტორიკა და საგანგებო აქცენტი შეიარაღებაზე. შესაძლოა მაშინ ამაზე ბევრი არ გვიფიქრია, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ერთ-ერთი ყველაზე ნიშანდობლივი საკითხი, რომელიც ხელისუფლების არჩევანზე მიუთითებდა, დევნილების მიმართ დამოკიდებულება იყო.

ე.წ. პირველი ტალღის დევნილები, ის ადამიანები, რომლებიც ოსეთიდან და აფხაზეთიდან გასული საუკუნის 80-90-იანი წლების მიჯნაზე გამოიქცნენ, დიდწილად დღემდე კომპაქტური ჩასახლების ადგილებში ცხოვრობენ.

მართალია ბოლო წლებში კერძო ინვესტორებმა ზოგიერთი შენობიდან მათი გამოსახლება და მათი სხვა ადგილებში ჩასახლება დაიწყეს, მაგრამ ეს სახელმწიფოს მიზანმიმართული პოლიტიკა არ ყოფილა. დღემდე არსებობს სპეციალური სკოლები დევნილი ოჯახის შვილებისთვის და კომპაქტურად ჩასახლებული ადგილებიც დღემდე შემოგვრჩა, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.

საბოლოოდ გამოვიდა, რომ სოფლებიდან გამოქცეული ადამიანები, რომელთა მთავარი საქმიანობა მიწის დამუშავება იყო, სახელმწიფომ მრავალსართულიან შენობებში შეასახლა, რითიც ისინი გაწირა თვითადაპაციისთვის, ხშირად უმუშევრობისთვის და არასრულფასოვნების კომპლექსისთვის.

დღეს დევნილთა ახალი ტალღის გაჩენასთან ერთად ევროპიდან მათ დასახმარებლად ჩამოსული ადამიანები ქართულ საზოგადოებას შემდეგ გეგმას სთავაზობენ – გამოიყოს ჯერ კიდევ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები იმისათვის, რომ ხეობებიდან წამოსული ადამიანები კომპაქტურად დასახლდნენ მიწაზე. ევროპელები კი მოძებნიან სახსრებს მათთვის სახლების ასაშენებლად და სრულყოფილი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, ფაქტობრივად ერთი სოფლიდან წამოსულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ ახალ ადგილზე შექმნან ახალი სოფელი.

ამ შეთავაზებას თავისი დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც. საქმე ისაა თუ სახელმწიფო დევნილებს მიწაზე დაასახლებს ეს ფაქტობრივად მათ მიერ დატოვებული ტერიტორიების ხანგრძლივად დაკარგვის აღიარებას ნიშნავს.

90-იანი წლების დევნილები დიდხანს ედავებოდნენ ხელისუფლებას ვადა გვითხარით უკან როდის დაგვაბრუნებთო და ბევრი წელი გავიდა, ვიდრე ისინი მიხვდნენ, რომ რაიმე ვადის დასახელება შეუძლებელი იყო, არადა ადამიანები მათთვის სრულიად უცხო, ხშირად არაადამიანურ პირობებში ცხოვრობდნენ და ვერ წარმოედგინათ, რომ ასეთი ყოფა დიდხანს გაგრძელდებოდა.

დღესაც სახელმწიფო იმეორებს, რომ ცხინვალის რეგიონიდან  დევნილებისთვის გორში ზამთრის დადგომამდე კოტეჯებს ააშენებს და იძულებით გადადგილებულ პირებს იმ კოტეჯებში შეასახლებს.

დევნილების ”კოტეჯიზაცია” ნიშნავს მათ მოწყვეტას მიწიდან, მათ გაწირვას უმუშევრობისთვის და მაღალ კრიმინალურ რისკებს კომპაქტური ჩასახლების ადგილებში. დევნილების შესახლება ქალაქის ტიპის საცხოვრებელ სახლებში პირველ რიგში ნიშნავს მათ დაიმედებას, რომ სახელმწიფო ყველა ოჯახს მალე თავის ბუნებრივ საცხოვრებელს  დაუბრუნებს.

ვიდრე სოფლებიდან გამოქცეული ადამიანები ქალაქად აშენებულ კოტეჯებში იცხოვრებენ და მუდმივად აქტუალური იქნება დევნილობის თემა, ქვეყანას სხვა გზა აღარ დარჩება გარდა გამალებული შეიარაღებისა და ახალი ომისთვის მზადებისა, მაგრამ თუ სახელმწიფო მოძებნის საკუთარ თავში ძალას და რესურსს სოფლიდან დევნილი მოსახლეობა ისევ სოფლად დაასახლოს, დაუბრუნონ ისინი თავის ბუნებრივ გარემოს და მისცეს საშუალება თავი საკუთარი შრომით ირჩინონ, ეს იქნება რეალური განაცხადი სამშვიდობო პოლიტიკაზე, თუმცა მეორე მხრივ ამ ნაბიჯით სახელმწიფო აღიარებს საკუთარ უძლურებას დაკარგული ტერიტორიების სწრაფად დაბრუნებასთან დაკავშირებით.

ახლა საქართველოს სულ ორი გზა აქვს – ომის ან მშვიდობის. დევნილების შესახლება კოტეჯებში, თუნდაც ირიბად ომისთვის მზადების გზაა, ხოლო მათი დასახლება მიწებზე, ახალი სოფლების შექმნა სამშვიდობო პოლიტიკის ნიშანია.

ევროპელები საქართველოს სახელმწიფოს სწორედ ამ მეორე გზას სთავაზობენ და დიდ დახმარებასაც ჰპირდებიან. თავად დევნილები პირად საუბარში ადასტურებენ, რომ მათთვის მიწაზე დასახლება გაცილებით მეტად მისაღებია, ვიდრე კოტეჯებში შესახლება. ახლა ჯერი გადაწყვეტილებების მიმღებ პირებზეა, არჩევანის უფლება  მათ ეკუთვნით”.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)