Site icon Civil.ge

სააკაშვილი ”პოლიტიკური გვამია” – მედვედევი

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის პრეზიდენტი სააკაშვილი ”პოლიტიკური გვამია” და მოუწოდა აშშ-ს ”გადააფასოს” ურთიერთობები საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან.

”ჩვენთვის მოქმედი რეჟიმი გაბანკროტებულია,”- განაცხადა მან 2 სექტემბერს იტალიური ტელეკომპანია რაი-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომლის სრული ვერსია კრემლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, ”პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩვენთვის აღარ არსებობს,  ის ”პოლიტიკური გვამია”.

თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა განიხილოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან ”სხვადასხვა საკითხები, მათ შორის პოსტ-კონფლიქტური დარეგულირების შესახებ ამ რეგიონში”.

მედვედევმა ასევე განაცხადა, რომ მისი სურვილია საერთაშორისო თანამეგობრობას ახსოვდეს ვინ წამოიწყო აგრესია და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ადამიანთა მსხვერპლზე.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ ამ განცხადებების საპასუხოდ განაცხადა: ”რუსეთის პრეზიდენტმა კონტროლი დაკარგა იმის გამო, რომ მისი მცდელობა საქართველოს ხელისუფლების დამხობის ჩაიშალა”.

”საქართველოს პრეზიდენტი დემოკრატიულად არჩეული ლიდერია, ის და მისი მთავრობა ქართველ ხალხის და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით სარგებლობს,”- განუცხადა ლომაიამ AFP.

მედვედევმა ასევე გააკრიტიკა ვაშინგტონი იმის გამო, რომ ერთგვარი ”კარტ-ბლანში” მისცა პრეზიდენტ სააკაშვილს.

”ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა დროა გადააფასონ თავისი ურთიერთობების მოქმედ რეჟიმთან თუნდაც იმის გამო, რომ მან მიიყვანა საქართველო ძალიან რთულ მდგომარეობამდე, გამოიწვია ძალიან სერიოზული დესტაბილიზაცია, გააჩაღა აგრესია, რომლის შედეგადაც ბევრი ადამიანი დაიღუპა,”- განაცხადა მედვედევმა სატელევიზიო ინტერვიუში.

”ეს დაძაბულობა გახდა შედეგი არც ისე გონიერი პოლიტიკისა, რომელსაც ატარებდა შეერთებული შტატები საქართველოს მიმართულებაზე,”- განაცხადა მედვედევმა ევრონიუსისთვის მიცემულ კიდევ ერთ ინტერვიუში,  ”მათ რაღაც მომენტში საქართველოს ლიდერს ყველაფრის გაკეთების უფლების და დაუსჯელობის შეგრძნება გაუჩინეს. თითქოს მან მიიღო კარტ-ბლანში იმაზე, რომ ნებისმიერი მეთოდით ემოქმედა. რითიც დამთავრდა ეს – სრულიად ნათელია”.

”დღევანდელ დღეს, ვფიქრობ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაჩნდა გარკვეული სინანული, რომ ამ ვირტუალურმა პროექტმა სახელწოდებით ”თავისუფალი საქართველო” ვერ გაამართლა,”- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ”ლიდერი გაბანკროტებულია, რეჟიმი კრიზისთან ახლოსაა და სიტუაცია დაძაბულია”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)