Site icon Civil.ge

ოპოზიცია კრიზისის დაძლევის ერთ-ერთ გზად ვადამდელ არჩევნებს განიხილავს

ოპოზიცია, რომელმაც ფართო კონსულტაციები დაიწყო კრიზისის დაძლევის გზებზე, აცხადებს, რომ ამ ამოცანის მისაღწევად ერთ-ერთი კონსტიტუციური გზა არის ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.

თუმცა კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა აცხადებს, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა არ უნდა გახდეს ქვეყანაში დესტაბილიზაციის წყარო.

”რა თქმა უნდა, ვადამდელი არჩევნები არის ერთ-ერთი ვარიანტი,” – განუცხადა კუკავამ 11 სექტემბერს რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროს,”ამის მოთხოვნამდე, ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია კონსულტაციების გამართვა ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების მთავრობებთან… ამაზე უნდა იყოს კონსენსუსი პოლიტიკურ პარტიებს შორის, მათ შორის ხელისუფლებასთან… ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ ვადამდელი არჩევნები არის ერთ-ერთი საუკეთესო და კონსტიტუციური გზა არსებული კრიზისის დასაძლევად”.

მისი თქმით, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას არ უნდა ჰქონდეს ”ულტიმატუმის” სახე. 

მან ასევე აღნიშნა, რომ არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლა, ასევე თავისუფალი სამაუწყებლო მედიის უზრუნველყოფა აუცილებელია ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.  

”ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით უნდა შემუშავდეს  სამოქმედო გეგმა, თუ როგორ გადავლახოთ არსებული ღრმა კრიზისი,”-  განაცხადა კუკავამ, ”ნათელია, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო კრიზისის მოგვარება და ახლა დროა საზოგადოებამ აიღოს პასუხისმგებლობა”.

კუკავამ ხაზი გაუსვა, რომ ოპოზიციურმა კოალიციამ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ნიშნები გამოავლინა და თავად ის შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, ხოლო ლევან გაჩეჩილაძე შეხვდა პრეზიდენტ სააკაშვილს. 

”მაგრამ სააკაშვილმა თანამშრომლობის ამ იდეის და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსის დისკრედიტაცია მოახდინა, როდესაც ის გამოვიდა და განაცხადა, რომ ის სთავაზობს ანტი-კრიზისულ საბჭოს გააკონტროლოს ფქვილის დარიგება [იგი ჰუმანიტარულ დახმარებას გულისხმობდა]. სააკაშვილი ცდილობს ყველაფერი მისი პროპაგანდული მიზნებისთვის გამოიყენოს,” – განაცხადა კუკავამ.

ძირითადი ოპოზიციური პარტიები მიმდინარე კონსულტაციების შედეგად კრიზისის დაძლევის გეგმას, სავარაუდოდ, ორშაბათს გამოაქვეყნებენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)