Site icon Civil.ge

ბაქრაძე: რადიოსაუბრების ჩანაწერები ადასტურებს, რომ რუსები სამხრეთ ოსეთში 7 აგვისტოს შევიდნენ

საქართველოს გააჩნია რადიოსაუბრების ჩანაწერები, რომლებიც ადასტურებს, რომ რუსეთის ჯარები სამხრეთ ოსეთში როკის გვირაბის საშუალებით 7 აგვისტოს შემოვიდნენ, იტყობინება რადიო ”თავისუფლება” პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის სიტყვებზე დარდნობით.

ბაქრაძემ ეს განცხადება 10 სექტემბერს ვაშინგტონში ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის მოსმენაზე გააკეთა. ეს კომისია აშშ-ის ჰელსინკის კომისიის სახელითაა ცნობილი.

”ამ ეტაპზე, ეს ჯერ კიდევ არ არის საჯარო, მაგრამ ჩვენ გვაქვს რადიოსაუბრების ჩანაწერები, რომლებიც ადასტურებს, რომ რუსული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე 7 აგვისტოს საღამოს შემოვიდნენ,” – განაცხადა ბაქრაძემ, თან იქვე დასძინა, რომ ეს იყო გადამწყვეტი მომენტი, რომლის დროსაც საქართველოს ხელისუფლებას უნდა მიეღო გადაწყვეტილება დაეცვა თავისი ტერიტორია და საპასუხო მოქმედებებზე გადასულიყო.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ თბილისს ”მყარი” მტკიცებულება გააჩნია იმისა, რომ საქართველოს არ დაუწყია ომი. მან ასევე განაცხადა, რომ ეს ”მტკიცებულება” საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის გადასცა, როდესაც ის 8 სექტემბერს თბილისს ეწვია. სააკაშვილს ამ მტკიცებულების დეტალებზე არ უსაუბრია.  

ბაქრაძის განცხადება პირველი იყო, რამაც  ”ქართული მტკიცებულების” სახეობას ნათელი მოჰფინა.

კითხვაზე, თუ რატომ წავიდა საქართველო აშშ-ს რჩევის წინააღმდეგ არ ჩაბმულიყო რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაში, ბაქრაძემ დაადასტურა, რომ აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გააფრთხილეს საქართველოს ხელმძღვანელობა არ ეპასუხა რუსეთის პროვოკაციებისთვის, იტყობინება რადიო ”თავისუფლება”. მაგრამ ბაქრაძემ აღნიშნა, რომ რამდენადაც მან იცის, აშშ-ს არასოდეს მიუცია რჩევა თბილისისთვის ცხინვალში მოქმედების წინააღმდეგ, რადგანაც ”ამგვარი გეგმა არც არასდროს არსებობდა”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)