გაეროს ჰუმანიტარული დახმარების პირველმა კოლონამ შეძლო დღეს გორის ჩრდილოეთით რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შესვლა, განაცხადა გაერომ პრეს-რელიზში.
8 სექტემბერს რუსმა ჯარისკაცებმა სოფელ კარალეთის საგუშაგოზე, გორიდან შვიდ კილომეტრში, უკან გააბრუნეს ოთხი მანქანისგან შემდგარი გაეროს კოლონა, რომელსაც ფქვილი, შაქარი და სხვა პროდუქტები გადაჰქონდა. რუსეთის განმარტებით, გაეროს კოლონამ ვერ წარუდგინა რუსულ ძალებს დოკუმენტები მათი ვიზიტის მიზნების და იმ ობიექტების შესახებ, სადაც ისინი გეგმავდნენ ჩასვლას.
გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში რობერტ უოთკინსმა, 11 სექტემბერს განაცხადა, რომ გაეროს დახმარების კოლონის შესვლა სამხრეთ ოსეთიდან სამხრეთით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ სოფლებში ”არის პირველი ნაბიჯი, რომელიც ვიმედოვნებთ, ამიერიდან საშუალებას მოგვცემს თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე დახმარება გავუწიოთ აქამდე დახურულ ზონებს”.
”ჰუმანიტარული დახმარება უნდა გაეწოს ყველას და ყველგან,” – დასძინა მან.
გაეროს თქმით, ოთხი ტონა დახმარება სოფელ პატარა გარეჯვარს გადაეცა.
”მოსახლეობის განცხადებით, საკვების, ჯანმრთელობისა და თავშესაფრის ხელმისაწვდომობის გარდა, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემად კვლავ რჩება პირადი უსაფრთხოება,” – ნათქვამია პრეს-რელიზში.
რუსული ძალები სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარსა და გორს შორის არსებულ ტერიტორიას ათი დღის ვადაში დატოვებენ მას შემდეგ, რაც იქ ევროკავშირის დამკვირვებლები განთავსდებიან. 8 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმებით, ევროკავშირის დამკვირვებლები იქ არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა უნდა განთავსდნენ.
ამავდროულად, ადამიანის უფლებათა ორი ჯგუფი – ნიუ-იორკში მდებარე Human Rights Watch და მოსკოვში განთავსებული ”მემორიალი” 11 სექტემბერს სამხრეთ ოსეთში ერთობლივი ვიზიტის შესახებ იტყობინება.
”სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ქართული სოფლების მაცხოვრებლების ქონების დაცვას და იქ დარჩენილი მოსახლეობის უსაფრთხოებას,” – იტყობინება ”როიტერი” ”მემორიალის” წარმომადგენლის ალექსანდრე ჩერკასოვის სიტყვებზე დაყრდნობით. ”ამჟამად, ის ქართული სოფლები, რომელთაც ჩვენ ვესტუმრეთ, ფაქტიურად მთლიანად გადამწვარია. ახლა, საომარი ოპერაციებიდან ერთი თვის თავზე, ბოლო სახლებიც იწვის და ყოველდღე ჩვენ ახალი ხანძრების მოწმენი ვხდებით”.
ტანია ლოკშინამ Human Rights Watch-დან განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონში ვიზიტის დროს, მათ დაინახეს შეიარაღებული პირები, რომლებიც სახლებიდან ავეჯს, მოწყობილობებს და ღირებულ ნივთებს იპარავდნენ. ”[ქართული] სოფლები კვლავ იწვის და ისინი არც კი ცდილობენ ამის დამალვას,” – იტყობინება ”როიტერი” მის სიტყვებზე დაყრდნობით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)