ცოტნე გამსახურდიამ, რომელსაც რუსეთის სასარგებლოდ შპიონაჟში და ხელისუფლების ჩამოგდების მიზნით შეთქმულების მოწყობაში ედება ბრალი, განაცხადა, რომ შიმშილობის აქცია დაიწყო მას შემდეგ, რაც პროკურატურამ მას საპროცესო გარიგება შესთავაზა.
სახალხო დამცველის აპარატმა, რომლის წარმომადგენელმაც ცოტნე გამსახურდია წინასწარი დაკავების საკანში მოინახულა, განაცხადა გამსახურდიას სიტყვებზე დაყრდნობით, რომ მას შესთავაზეს ეღიარებინა დანაშაული შპიონაჟში და ამის სანაცვლოდ შეთქმულების ბრალდებას მოუხსნიდნენ.
გამსახურდიამ, რომელიც უარყოფს ბრალდებებს, განაცხადა, რომ ამგვარი შემოთავაზება მისთვის ”შეურაცმხყოფელია”, იტყობინება სახალხო დამცველის აპარატი.
თუმცა, გენერალურმა პროკურატურამ კატეგორიულად უარყო გამსახურდიასთვის საპროცესო გარიგების შეთავაზება. გენერალური პროკურატურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Civil.Ge-ს განუცხადა: ” ამგვარი ფაქტი არ მომხდარა არასდროს”.
პოლიციამ ცოტნე გამსახურდია 3 სექტემბერს საღამოს დააკავა თბილისის აეროპორტში, როცა ის ბაქოს გავლით მოსკოვიდან თბილისში ჩამოფრინდა.
ბრალი ცოტნე გამსახურდიას 2007 წლის ნოემბერში წაუყენეს. 7 ნოემბერს ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგის დარბევის შემდეგ, სამართალდამცავებმა გამოაქვეყნეს ფარული ვიდეო-ჩანაწერი, სადაც ცოტნე გამსახურდია ხვდებოდა თბილისის საელჩოში მომუშავე რუს დიპლომატს. მის შესახებ გამოქვეყნებულ აუდიო-ჩანაწერში, ცოტნე გამსახურდია საყვედურით მიმართავს თავის ძმას, პარტია თავისუფლების ოპოზიციონერ ლიდერს კონსტანტინე გამსახურდიას, თუ როგორ გაუშვა ოპოზიციამ მომენტი ხელიდან, როცა 150 ათასი ადამიანი იყო შეკრებილი პარლამენტის წინ 2 ნოემბერს.
ანალოგიური ბრალდებები წაუყენეს ნოემბერში ლეიბორისტული პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს, თუმცა მოგვიანებით ეს ბრალდებები მოიხსნა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)