Site icon Civil.ge

რუსეთმა ფოთი-სენაკის ხაზიდან ხუთი საგუშაგო მოხსნა

რუსმა ჯარისკაცებმა დღეს დილით ფოთიდან სენაკის ხაზზე არსებული  ხუთივე საგუშაგო დატოვეს, იტყობინებიან ოფიციალური პირები და ადგილობრივი ჟურნალისტები.

კერძოდ, რუსული ჯარები და ჯავშანტექნიკა გავიდნენ ფოთის შესასვლელში მდებარე ორი საგუშაგოდან, სენაკის მისადგომებიდან ორი საგუშაგოდან და ხობის რაიონის სოფელი პირველი მაისიდან. 

ამით რუსეთმა შეასრულა მედვედევი-სარკოზის შეთანხმების 8 სექტემბერს მიღწეული დამატებითი პირობები, რომლის თანახმადაც რუსეთს თავისი 5 ბლოკსაგუშაგო ფოთი-სენაკის მონაკვეთიდან ერთ კვირაში, 15 სექტემბრამდე უნდა გაეყვანა.

რუსეთმა ევროკავშირის დამკვირვებლების განთავსებიდან 10 დღის ვადაში ასევე უნდა გააუქმოს თავისი საგუშაგოები და გაიყვანოს თავისი ძალები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გარეთ მდებარე საქართველოს სხვა ტერიტორიებიდან. სულ ცოტა ევროკავშირის 200 დამკვირვებელი უნდა განთავსდეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა, როგორც ამას 8 სექტემბრის შეთანხმება ითვალისწინებს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)