Site icon Civil.ge

”გააძლიერეთ დემოკრატია” – მიმართავს ნატო თბილისს

15-16 სექტემბერს ნატოს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს თბილისში ვიზიტის დროს ძირითადი გზავნილი როგორც საქართველოს ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მიმართ იქნება დემოკრატიის გაძლიერება, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა.  

Financial Times-თან ინტერვიუში სხეფერმა განაცხადა, რომ გზავნილი იქნება: ”თქვენ დემოკრატიული სახელმწიფო ხართ, მოიქეცით როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, გააძლიერეთ თქვენი დემოკრატია, გააძლიერეთ კანონის უზენაესობა”.

სხეფერმა აღნიშნა, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საბოლოო მოხსენებამ საქართველოში 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოავლინა.

ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტის ფარგლებში თბილისში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის პირველი დამფუძნებელი სხდომა. სხეფერთან ერთად საქართველოში ჩამოვლენ ალიანსის 26 წევრი ქვეყნის ელჩები. დელეგაცია ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომას თბილისში გამართავს. პროგრამა, გარდა შეხვედრებისა საქართველოს ხელმძღვანელობასთან და ოპოზიციასთან, ითვალისწინებს გორში ვიზიტს.

ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში აგვისტოს ომამდე დაიგეგმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ განაცხადა, რომ ის ფაქტი, რომ ნატომ არ გააუქმა საბჭოს ვიზიტი ომის შემდეგ ”ძლიერი სიგნალია რუსეთისთვის”.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ განუცხადა AFP-ს, რომ ”თბილისის მთავარი მოლოდინი დღევანდელი ვიზიტიდან არის ის, რომ ნატო მკაფიო სიგნალს გააკეთებს საქართველოს ნატოში წევრობის შეუქცევადობის თაობაზე”. 

”საქართველოს გეზი ნატოსკენ უცვლელია. რუსეთმა ვერ განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ თავისი აგრესიის მთავარი მიზანი – შეეფერხებინა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია,” – განაცხადა მან.

15 სექტემბერს გაზეთ ”24 საათის” მიერ ნატო-საქართველოს ურთიერთობებისადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში გამოქვეყნებულ ინტერვიუში თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ განაცხადა, რომ ნატო-საქართველოს კომისიის შექმნა დამატებითი იარაღია თბილისისთვის ალიანსში მისი ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ეს არ ჩაანაცვლებს წევრობის სამოქმედო გეგმას (MAP), რომლის მიღებაც საქართველოს დეკემბერში სურს ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე.

ქუთელიას ვარაუდით, აგვისტოს ომმა არ შეამცირა საქართველოს შანსები მიიღოს წევრობის სამოქმედო გეგმა დეკემბერში.

”ის შეკითხვები, რომლებიც ომამდე არსებობდა, დღეს უკვე მოიხსნა და აქედან გამომდინარე MAP-ის მიღების პროცესი დაჩქარდება,” – განაცხადა ქუთელიამ. ”ძველი არგუმენტების მოყვანა, რომ ნატოს თითქოს არ უნდა არასტაბილურობის იმპორტირება მოახდინოს უკვე არაადექვატურია, ეს გუშინდელი დღეა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ ეტაპზე ნატო ადექვატურად მოახდენს რეაგირებას არსებულ საფრთხეებზე და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას”.

მან აღიარა, რომ გასულ წელს შეუძლებელი იყო ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომის თბილისში გამართვა წევრ სახელმწიფოებს შორის კონსენსუსის არარსებობის გამო.

”ის, რომ ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომა სწორედ ამ არასტაბილურობის შემდეგ იმართება უკვე ნიშნავს, რომ ნატოს აღარ ეშინია პრობლემებისადმი თვალის გასწორება,” – განაგრძო ქუთელიამ. ”ის სკეპტიკოსები, რომლებიც საქართველოს საკითხს კონსენსუსის პრინციპიდან გამომდინარე ბლოკავდნენ, უკვე იზიარებენ იმას, რომ საქართველომ უნდა მიიღოს მყარი სიგნალი”.

გადაწყვეტილება ნატო-საქართველოს კომისიის შექმნის თაობაზე ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა 19 აგვისტოს გამართულ საგანგებო სხდომაზე მიიღეს.

ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე შეთანხმდნენ საქართველოს დაეხმარონ საჰაერო-სატრანსპორტო სისტემის აღდგენაში, კიბერშემოტევების წინააღმდეგ დაცვაში, შეიარაღებული ძალების მდგომარეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზარალის შეფასებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)