Site icon Civil.ge

ზურაბიშვილმა ნატოს დელეგაციასთან შეხვედრა დატოვა

საქართველოს არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან რობერტ სიმონსთან და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებთან შეხვედრას მართავენ.

შეხვედრას არ ესწრება ნატოს გენერალური მდივანი იააპ დე ჰოოპ სხეფერი, რაც საქართველოში მისი ორდღიანი ვიზიტის პროგრამის თანახმად, არც იყო გათვალისწინებული. ოპოზიციასთან დანიშნული შეხვედრის დროს მას წინასწარ დაგეგმილი გამოსვლა ჰქონდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ამ ფაქტის გამო საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და ოპოზიციური პარტია საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა შეხვედრა.

”მე დავტოვე შეხვედრა იმიტომ, რომ გენერალური მდივანი არ ესწრებოდა ამ შეხვედრას, ჩათვალა რომ უნივერსიტეტში უფრო მნიშვნელოვანი იყო მისი მისვლა,” – განუცხადა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს, ”ეს არის მეორედ, როცა გენერალური მდივანი ვერ პოულობს დროს, რომ ოპოზიციას შეხვდეს”.

არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი მიესალმებიან რა ნატოს მოწოდებებს დემოკრატიული რეფორმების გაღრმავების თაობაზე, შეხვედრაზე დააყენებენ ხელისუფლების შეცვლისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხს.

”სააკაშვილი უნდა გადადგეს და უნდა იყოს საშუალება იმისა, რომ ჩვენ ჩავატაროთ ქვეყანაში დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნები,”- განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ.

”დღეს საქართველოსთვის ყველაზე დიდი საფრთხე არის პრეზიდენტი სააკაშვილი თავისი რეპრესიული, დამანგრეველი რეჟიმით,”- განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა  ნათელაშვილმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ გამყრელიძის მსგავსად ასევე მოითხოვა ხელისუფლების შეცვლა.

რესპუბლიკელთა ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ნატომ საქართველოს კონკრეტული მიზნები უნდა დაუსახოს დემოკრატიზიციის პროცესში. 

”ნატომ არ უნდა შეცვალოს თავისი კურსი და საქართველოს ინტეგრაცია ნატოში კიდევ უნდა დაჩქარდეს,”- განუცხადა მან ჟურნალისტებს შეხვედრამდე.

დეპუტატმა გია თორთლაძემ საპარლამენტო ოპოზიციიდან განაცხადა, რომ დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერასთან ერთად დღეს საქართველოს სჭირდება ნატოს პოლიტიკური თანადგომა.

“საქართველოს დღეს, ისე როგორც არასდროს, სჭირდება დეკემბერში ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მიღება,”- განუცხადა მან შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებს, ”ეს არის ერთადერთი გარანტია იმისა, რომ რუსეთი აღარ გაიმეორებს აგრესიას”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)