გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა (UNHCR) შეძლო შესვლა გორიდან ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიებზე, რომლებიც ამჟამად რუსული ძალების მიერაა ოკუპირებული, აცხადებს კომისარიატი 16 სექტემბერს.
ორი შემფასებელი მისია შაბათ-კვირას გორის ჩრდილოეთით მდებარე ოთხ სოფელში ჩავიდა – კარალეთი, ტყვიავი, ტირძნისი და ძევერა.
UNHCR-ის წარმომადგენელმა უილიამ სპინდლერმა განაცხადა, რომ გორის მიმდებარე სოფლებში მოსახლეობის უმრავლესობა, როგორც ჩანს, დაბრუნებულია. მისი თქმით, კარალეთში, გორიდან შვიდ კილომეტრში, სადაც რუსული ბლოკსაგუშაგოა განთავსებული, მოსახლეობის 80%-ზე მეტი დაბრუნდა.
თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ ბუფერული ზონის სიღრმეში დაბრუნების ტენდენციები გაცილებით ნაკლებია. მაგალითად, ამ დრომდე ტირძნისში მოსახლეობის სულ რაღაც 10%-ზე ნაკლები დაბრუნდა.
”ჯერ კიდევ არსებობს შიში ამ სოფლების მკვიდრებში,”- განაცხადა სპინდლერმა, ”შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან ცემის, მარადიორობის და სახლების გადაწვის ფაქტებმა შიშისა და დაუცველობის ატმოსფერო შექმნა”.
UNHCR-მა ასევე განაცხადა, რომ შენობებისა და სახლების განადგურება ისე ხშირი არაა, ”როგორც ამის თაობაზე თავდაპირველად შიშობდნენ” და განსხვავებული ვითარებაა სხვადასხვა სოფლებში.
მაგალითად, კარალეთში UNHCR-ის წარმომადგენლებმა 600-მდე სახლიდან 29 დაზიანებული სახლი დაითვალეს. UNHCR-ის განცხადებით, ტირძნისში მხოლოდ რამდენიმე შენობაა დამწვარი ან დაბომბილი, თუმცა გაცილებით მეტი მატერიალური და მორალური ზიანი გამოიწვია მარადიორობამ და სახლებში ქონების გადანგურებამ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)