პარლამენტში უნდა შეიქმნას არა ”მომხსენებელთა ჯგუფი”, არამედ საგამოძიებო კომისია, რომელიც აგვისტოს საომარ მოქმედებებზე ”სრულ სურათს” დადებს, განაცხადა საპარლამენტო უმცირესობისა და ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ 18 სექტემბერს.
”ვინ დაიწყო ომი? ჩვენ ამ კითხვას არ ვსვამთ,”- განაცხადა თარგამაძემ, ”ომი დაიწყო რუსეთის ფედერაციამ ჯერ კიდევ 20 წლის წინ… რუსეთი აკეთებდა ყველაფერს იმისთვის, რომ აღედგინა თავისი გავლენა რეგიონშიც და კონკრეტულად საქართველოშიც… საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ რუსეთის ფაქტორი არასათანადოდ იყო შეფასებული და ბევრი შეცდომა იყო დაშვებული”.
მან ეს განცხადება პრეზიდენტის საანგარიშო მოხსენებისადმი მიძღვნილ საპარლამენტო დებატების დროს გააკეთა და ჩამოთვალა ის კითხვები, რომელზეც გამოძიების პროცესში გაამახვილებს ყურადღებას:
”ჩვენ გვაქვს კითხვები, მათ შორის რომელიც დაისმება ამ კომისიის მუშაობის დროს საგარეო დაზვერვის სამმართველოს მიმართ – ჰქონდა თუ არა ამ სამსახურს ინფორმაცია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ემზადებოდნენ სწორედ ცხინვალის მიმართულებით ოპერაციის დასაწყებად;
თუ იყო ეს ინფორმაცია, მაშინ რით ხელმძღვანელობდა გენერალური შტაბი, როცა ცხინვალის ოპერაციის დაწყების დროს ქართული შეიარაღებული ძალების აბსოლუტური უმრავლესობა კონცენტრირებული იყო დასავლეთ საქართველოში და სენაკის ბაზაზე და არა გორში;
გვაინტერესებს და გვაქვს კითხვები როგორ იქცეოდა საბაჟო დეპარტამენტი და საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, რადგან ჩვენ გვაქვს გარკვეული მონაცემები იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა კეთილსინდისიერად იმ პერიოდში არ მოიქცა;
ასევე გვაქვს კითხვები იმასთან დაკავშირებით მართალია თუ არა საზოგადოებაში არსებული მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სამხედრო ოპერაციებს ხელმძღვანელობდნენ სამოქალაქო პირები ხელისუფლებიდან და თუ ეს ასე ხდებოდა ვინ იღებს პასუხისმგებლობას შედეგებზე;
ასევე გვექნება ამ კომისიის მუშაობის დროს კითხვები საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებით: ვინ აიღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე ხნის წინ, მიუხედავად ოპოზიციის წინააღმდეგობისა და მე ვიცი, რომ უმრავლესობაშიც არ იყო ამასთან დაკავშირებით ერთიანი აზრი, გაუქმდა სახელმწიფო რეზერვების სამსახური”.
მისი თქმით, კომისიამ, რომელმაც უნდა ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, უნდა გამოიკვლიოს სრული სურათი და ”არა ნახევარი სიმართლე, არა მითუმეტეს ტყუილი, რაც კიდევ კიდევ უფრო დაამძიმებს დამარცხებული ომის შემდეგ არსებულ კომპლექსს”.
საპარლამენტო უმრავლესობის სახელით საუბრისას დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა სხდომაზე გამოსვლისას დაადასტურა, რომ ხელისუფლება მზადაა გასცეს ყველა კითხვას პასუხი.
მისი თქმით, საგანგებო შესწავლის საგანი გახდება ”როგორ იმოქმედეს სახელმწიფო უწყებებმა” საომარი მოქმედებების დროს.
”სწორედ ღიაობა განგვასხვავებს ჩვენ ჩვენი მტრისაგან,”- აღნიშნა გაბაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)