Site icon Civil.ge

ანტიკრიზისულ საბჭოს გია თორთლაძე უხელმძღვანელებს

პრეზიდენტის ინიციატივის შექმნილ ანტიკრიზისულ საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატი გია თორთლაძე უხელმძღვანელებს, განაცხადა დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მის კანცელარიაში გამართულ საბჭოს პირველ შეკრებაზე.

შეხვედრას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. არასაპარლამენტო ოპოზიციის დიდმა ნაწილმა, გარდა მრეწველებისა და ედპ-ს, უარი განაცხადა ამ ფორმატში თანამშრომლობაზე.

”ჩვენ ვთავაზობთ შეხვედრებს და თანამშრომლობას პირველ რიგში საპარლამენტო ოპოზიციას იმიტომ, რომ პარლამენტია მთავარი ადგილი, სადაც ხდება საკითხების გადაწყვეტა ცივილიზებული გზით,”- განაცხადა შეხვედრაზე სააკაშვილმა, ”მაგრამ ყველა დანარჩენ ჯგუფს – არასაპარლამენტო ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩვენ მზად ვართ ყველას შევხვდეთ და ყველასთან ყველაფერი განვიხილოთ”.

ანტიკრიზისული საბჭოს ძირითადი ფუნქცია დაზარალებულთათვის უცხოური დახმარების განაწილებაზე მონიტორინგი იქნება.

”ჩვენ არ გვინდა ამ დახმარების მოპოვების პროცესი და მისი დახარჯვის პროცესი თქვენი მონაწილეობის გარეშე წარიმართოს,”- მიმართა პრეზიდენტმა დეპუტატებს უმცირესობიდან.

მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მზადაა ანტიკრიზისულმა საბჭომ აღმასრულებელი ფუნქციები შეიძინოს, რაც მისი თქმით, ყველა ტენდერის და კონტრაქტის კონტროლს ნიშნავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)