Site icon Civil.ge

სააკაშვილი ”არასწორი გათვლის” შესახებ განცხადებებს გმობს

პრეზიდენტ სააკაშვილის თქმით, ”უხეში და მცდარი ინტერპრეტაციაა” ის განცხადებები, რომ თითქოს საქართველომ ვერ გათვალა თავისი აგვისტოს ქმედებები სამხრეთ ოსეთში.  

BBC-ის გადაცემა HARDtalk -ში დასმულ კითხვაზე, მისი ადმინისტრაციის ”არასწორი გათვლა” რომ ყოფილიყო იმის მთავარი მიზეზი, რაც მოხდა, სააკაშვილმა უპასუხა: ”მე ვფიქრობ, ეს არის უხეში და მცდარი ინტერპრეტაცია, რომ ამას არასწორი გათვლა ვუწოდოთ”.

მისი თქმით, საქართველოს უნდა მოეხდინა რეაგირება რუსეთის ”სრულმასშტაბიან შემოჭრაზე”, რომელიც მისი თქმით ერთი დღით ადრე დაიწყო, სანამ ქართული ძალები სამხრეთ ოსეთში შევიდოდნენ და დასძინა, რომ საქართველოს ამის ”მყარი მტკიცებულება” გააჩნია.

სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ საქართველოს მხრიდან ”სერიოზული გაუთვლელობა” იყო აგვისტოს ომის ერთ-ერთი მიზეზი. 

”კონფლიქტის მიზეზები  – უთანხმოება საქართველოსა და მის რეგიონებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შორის – ყველა მხარის შეცდომებისა და გაუთვლელობის კომპლექსია,”- განაცხადა მან, ”თუმცა მთავარი ფაქტები ნათელია: რუსეთის მხრიდან გაძლიერებულმა ზეწოლამ და პროვოკაციებმა საქართველოს წინააღმდეგ და საქართველოს მიერ არასწორმა გათვლებმა გამოიწვია არა მხოლოდ შეიარაღებული კონფლიქტი, არამედ რუსეთის მიმდინარე მცდელობა დაანაწევროს საქართველო”.

BBC-ის გადაცემა Hardtalk-ში დასმულ კითხვაზე გრძნობს თუ არა ის თავს ”შეურაცხყოფილად” მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს გაუკეთა, სააკაშვილმა უპასუხა, რომ ”მსოფლიომ უნდა იგრძნოს თავი შეურაცხყოფილად” რუსეთის ”საძაგელი” ქმედებების გამო საქართველოში. 
     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)