თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის საკლასო ოთახი, სადაც დევნილები არიან შესახლებული. ფოტო: ინტერპრესნიუსის მიერ სექტემბრის დასაწყისში გადაღებული.
|
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის განცხადებით, ცხინვალი რეგიონის ქართული სოფლებიდან დევნილი მოსახლეობის დაბრუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ისინი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს იტყვიან და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობას მიიღებენ.
”ჩვენ დავაბრუნებთ ყველა დევნილს, რომლებსაც აქვთ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა – ეროვნების მიუხედავად,”- იუწყება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 19 სექტემბერს კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით.
”რაც შეეხება ქართველი ეროვნების ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობდნენ საქართველოს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კი ბატონო, ჩვენ მათ ვაძლევთ ამ შესაძლებლობას, მხოლოდ მათ უნდა მიიღონ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა და უარი თქვან ქართულ მოქალაქეობაზე,”- აცხადებს კოკოითი.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ცნობით, 22 ათასია უშუალოდ ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიებზე დევნილი მოსახლეობის რაოდენობა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)