Washington Post-ში 23 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ გამჭირვალობა ქვეყნის შიგნით და გაგება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაიწყო ომი, უნდა იყოს ორი ძირითადი ელემენტი რუსულ აგრესიაზე საპასუხოდ.
”საქართველო რომ ყოფილიყო კიდევ ერთი ავტორიტარული ქვეყანა რუსეთის საზღვართან, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამდენი მსოფლიო ლიდერი ჩამოსულიყო თბილისში ქართველი ხალხის მხარდასაჭერად,” – წერს სააკაშვილი სტატიაში, რომელშიც პრეზიდენტი საქართველოში დემოკრატიის განვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას.
”სოლიდარობის ამ დემონსტრირებამ გააძლიერა ჩვენი რწმენა იმაში, რომ საქართველოს გადარჩენა დამოკიდებულია უფრო ღია და დემოკრატიულ საზოგადოებად ფორმირებაზე… რა თქმა უნდა, ჩვენი დემოკრატიის განვითარება ჯერ არ დასრულებულა. მაგრამ ეს არის შუქურა მსოფლიოს რთულ ნაწილში”.
შემდეგ მან მოკლედ ჩამოთვალა ”მთელი რიგი ღონისძიებები საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად,” რომელთა შესახებაც პრეზიდენტმა 16 სექტემბერს თავის ყოველწლიურ საანგარიშო მოხსენებაში ისაუბრა.
სააკაშვილმა ასევე აღნიშნა სტატიაში, რომ ”გამჭირვალობა უნდა დაიწყოს იმის გაგებით, თუ როგორ დაიწყო ომი”. მან კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა ითანამშრომლოს საერთაშორისო საზოგადოებასთან ომის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, თუმცა ასევე იკითხა რიტორიკულად: ”რუსეთს თუ სურს იგივეს გაკეთება?”
სააკაშვილი ასევე აცხადებს, რომ დასავლეთმაც უნდა დაგმოს რუსეთის ქმედება.
”ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ გაგრძელდეს რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ანექსია. მოსკოვს არც იმის ნება უნდა მივცეთ, რომ მუდმივად უგულებელყოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელზეც მან მრავალჯერ განაცხადა თანხმობა,” – წერს სააკაშვილი, ”მსოფლიომ არ უნდა დართოს ნება რუსეთს და სხვებს გავლენის სფეროები იქონიონ და ამით უარყონ თავისუფალი ხალხის უფლება მსგავსი ღირებულებების მქონე ერებთან ასოცირების თაობაზე”.
სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ თბილისი იმედოვნებს, რომ ”ნატო წინ წაიწევს ჩვენი წევრობის განაცხადთან დაკავშირებით”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)