Site icon Civil.ge

ლავროვი: რუსეთი სულაც არ არის იზოლირებული

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კატეგორიულად უარყო ამერიკის და ევროპის ოფიციალური პირების  განცხადებები იმის თაობაზე, რომ მისი ქვეყანა საქართველოსთან ომის შემდეგ იზოლაციაში მოექცა.

”ჩვენ სულაც არ ვგრძნობთ თავს იზოლირებულად,” – იტყობინება ”როიტერი” ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით 24 სექტემბერს.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მოსკოვმა მხოლოდ უპასუხა ქართულ აგრესიას სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ და წუხილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლურმა სახელმწიფოებმა ეს ვერ გაიგეს. 

ნიუ-იორკში თავის ამერიკელ კოლეგასთან კონდოლიზა რაისთან გამართული შეხვედრის შემდეგ ლავროვმა ასევე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ საქართველოს საკითხზე ორ ქვეყანას შორის კვლავ უთანხმოებაა, თუმცა ეს სხვა საერთაშორისო თემების განხილვას ხელს ვერ შეუძლის, იტყობინება AFP.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის დენიელ ფრიდის ინფორმაციით, რაისმა უთხრა ლავროვს, რომ ”სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება იყო შეცდომა, ძალიან სერიოზული შეცდომა, რუსეთს ამ საკითხში არ აქვს რაიმე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა”.

მან ასევე უთხრა თავის რუს კოლეგას, რომ ამით ”რუსეთმა სერიოზული სირთულეები შეუქმნა თავის თავს”, იტყობინება AFP ფრიდის სიტყვებზე დაყრდნობით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)