Site icon Civil.ge

საზოგადოებრივ მაუწყებელზე წინასაარჩევნო დებატები დაიწყება

30 სექტემბრიდან საზოგადოებრივ მაუწყებელზე წინასაარჩევნო დებატები დაიწყება, რასაც 1 დეკემბრიდან არხზე უკვე კვირაში ერთხელ დაგეგმილი თემატური დებატები გააგრძელებს, განუცხადა ჟურნალისტებს არხის გენერალურმა დირექტორმა ლევან ყუბანეიშვილმა.

”უკვე გადაწყვეტილია 30 სექტემბრიდან იქნება დებატები, ძირითადად, ამ ეტაპზე იქნება წინასაარჩევნო, რადგანაც კანონი ითხოვს ჩვენგან წინასაარჩევნო დებატების წარმოებას,”- განაცხადა მან. 

3 ნოემბერს თბილისის ორ ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების შუალედური არჩევნები, ხოლო აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნებია დანიშნული. წინასაარჩევნო დებატები კვირაში ორჯერ გავა ეთერში.

”იმავდროულად 1 დეკემბრიდან, როდესაც უკვე ახალი ეთერი გვექნება, კვირაში ერთხელ უკვე არის დაგეგმილი თემატური დებატები”,”- აღნიშნა მან. 

ყუბანეიშვილმა ეს განცხადება პარლამენტში ანტიკრიზისული ჯგუფის წევრებთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა. ამ ფორმატში განიხილება პრეზიდენტის ინიციატივა საზოგადოებრივ მაუწყებელზე დებატების ინსტიტუციონალიზაციის თაობაზე. 16 სექტემბერს თავის წლიურ ანგარიშში პარლამენტის მიმართ სააკაშვილმა განაცხადა, რომ დებატებმა რეგულარული ხასიათი უნდა მიიღოს, ”შეიძლება ეს იყო კვირაში ორჯერ”.

ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელი არცერთი ტელეკომპანიის ეთერში პოლიტიკური თოქ-შოუ არ გადის. საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთადერთი პოლიტიკური თოქ-შოუ ”დღის კომენტარი”, რომელიც ეთერში სამშაბათს და პარასკევს საღამოობით გადიოდა,  საზაფხულო შვებულების მოტივით 17 ივნისს დაემშვიდობა მაყურებელს სექტემბრამდე, თუმცა სექტემბერში არ განახლებულა პროგრამის გაშვება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)