Site icon Civil.ge

რუსეთი ახალი სამხედრო ავანტიურების წინააღმდეგ აფრთხილებს

რუსეთი არ დაუშვებს იმის მსგავს სამხედრო ავანტიურებს, რასაც ადგილი ჰქონდა ”სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საქართველოს აგრესიის” დროს აგვისტოში, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი დენისოვმა 26 სექტემბერს.

”არავის უნდა ჰქონდეს ილუზიები ახალ სამხედრო ავანტიურებზე, აგვისტოში მშვიდობიან ცხინვალზე თავდასხმის მსგავსს არ დავუშვებთ,”- იუწყება ”რია ნოვოსტი” დენისოვის სიტყვებზე დაყრდნობით.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პარტნიორები არ იმოქმედებენ ერთობლივად რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, რუსეთი იმოქმედებს დამოუკიდებლად საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად.

”ჩვენ გახსნილები ვართ არგუმენტირებული და კონსტრუქციული დიალოგისთვის,”- განაცხადა მან, ”მაგრამ, თუ ჩვენი პარტნიორები არ აღმოჩნდებიან მზად ერთობლივი მოქმედებებისთვის, მაშინ რუსეთი თავისი ეროვნული ინტერესების დასაცავად იძულებული გახდება იმოქმედოს დამოუკიდებლად, თუმცა ყოველთვის საერთაშორისო სამართლის საფუძველზე”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)