2008 წლის ბიუჯეტი 323 მლნ ლარით გაიზრდება და 7.2 მლრდ ლარს მიაღწევს ძირითადად უცხოეთიდან მოსალოდნელი საგრანტო დახმარებების ხარჯზე, განაცხადა დღეს პარლამენტის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა.
თავდაპირველად, ბიუჯეტის ხარჯების 255 მლნ ლარით ზრდა იყო დაგეგმილი, თუმცა გილაურის განცხადებით, ეს მაჩვენებელი ”ძალიან ბევრი შენიშვნების გათვალისწინების შედეგად” გაიზარდა.
მისი თქმით, საბიუჯეტო ცვლილებების ძირითადი მიზანია რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებულთა დახმარება და დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენა.
ამდენად, საბიუჯეტო თანხები შემდეგი პრიორიტეტულობით გადანაწილდება:
• 150 მლნ ლარი თავდაცვის სამინისტროს – საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისათვის და ხელფასების გასაზრდელად. შედეგად, თავდაცვის დაფინანსება მთლიანობაში 1.545 მლრდ ლარს მიაღწევს;
• 100 მლნ ლარი შინაგან საქმეთა სამინისტროს – ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების დაფინანსებისათვის. შედეგად, შსს-ს დაფინანსება წელს 740 მლნ ლარი გახდება;
• 119.5 მლნ ლარი – რუსეთის აგრესიის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის განსახლებისათვის. ეს თანხა განაწილდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან;
• 27.5 მლნ ლარი – რთველის ღონისძიებების დაფინანსება. აქედან 9 მლნ ამ მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის, ხოლო 18.5 მლნ ლარი პროგრამა ”იაფი კრედიტის” ფარგლებში გამოიყოფა;
• 14 მლნ ლარი – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კონფლიქტის ზონებიდან დევნილი მასწავლებლების ხელფასების დაფინანსებისთვის, განათლების იმ დაწესებულებების რემონტისა და კომუნალური გადასახადების დაფარვისთვის, სადაც დროებით განთავსებული არიან დევნილები, დევნილი სტუდენტების გრანტის დაფინანსებისა და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებისთვის;
• 18 მლნ ლარი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საიდანაც უმეტესი თანხები დაიხარჯება საომარი მოქმედებების შედეგად დაშავებული მოქალაქეების მკურნალობაზე;
• 34.8 მლნ ლარი – დედაქალაქში ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების დაფინანსებისათვის;
• 25 მლნ ლარი ენერგეტიკის სამინისტროს – სარეზერვო საწვავის შესაძენად ელექტროენერგიის გამომუშავების მიზნით;
• 11.8 მლნ ლარი – ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, საიდანაც 9.4 მლნ ლარი მოხმარდება დევნილთა პირველადი მოხმარების საგნებით უზრუნველყოფას და 2 მლნ ლარი დევნილი მოსახლეობის განსახლების ადგილების რეაბილიტაციას;
• 591 ათასი ლარი – ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ემატება პარტიების დაფინანსებისთვის; ეს შეეხება იმ პარტიებს, რომლების პარლამენტში არ შევიდნენ და ამის გამო შეწყვეტილი დაფინანსების აღდგენაზე ხელისუფლება პირობა დადო.
იმავდროულად, დაფინანსება უმცირდებათ: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს – 350 ათასი ლარი; ფინანსთა სამინისტროს – 4 მლნ ლარით; კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს – 1 მლნ ლარით; იუსტიციის სამინისტრო- 1.7 მლნ ლარით; პარლამენტს – 2 მლნ ლარით; საგარეო საქმეთა სამინისტრო – 1.3 მლნ ლარით; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას – 950 ათასი ლარით; პრეზიდენტის ადმინისტრაციას – 700 ათასი ლარით; მთავრობის კანცელარიას – 394 ათასი ლარით; წყლის კომპანიების სუბსიდირება – 500 ათასი ლარით; არსებული დავალიანებების დაფარვის ღონისძიებები – 10 მლნ ლარით.
იმავდროულად, 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით სტაბილური განვითარების ფონდში გადასარიცხი თანხების მოცულობა მცირდება 191.9 მლნ ლარით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)