Site icon Civil.ge

თავდაცვის სამინისტრომ დაღუპულ და დაკარგულ ჯარისკაცთა სახელობითი სია გამოაქვეყნა

თავდაცვის სამინისტრომ აგვისტოს დასაწყისში ცხინვალის რეგიონში საომარი  მოქმედებების დროს გარდაცვლილთა და დაკარგულთა სახელობითი სიები გამოაქვეყნა.

თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 25 სექტემბრის მონაცემებით, დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა 115 შეადგენს, მათ შორის 8 ოფიცერი, 96 კაპრალ/სეჟანტი, 9 რეზერვისტი, ერთი რიგითი და ერთიც სამოქალაქო პირია.

დაკარგულთა რაოდენობა 54-ს შეადგენს, აქედან 14 ოფიცერი და 40 კაპრალ/სერჟანტია. 

გასულ კვირას ოპოზიციურმა კონსერვატიულმა პარტიამ გარდაცვლილთა სახელობითი სიის გამოქვეყნება მოითხოვა და ხელისუფლება, მათ შორის თავდაცვის  სამინისტრო, ამ სიების შეგნებულად დამალვაში დაადანაშაულა.

169 სამხედრო, თავდაცვის სამინიტროს განმარტებით, მოიცავს უგზო-უკვლოდ დაკარგულ ჯარისკაცებსაც. ასეთებად ითვლება ასევე თბილისში, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალული 43 უცნობი ჯარისკაცი, რომელთა ამოცნობის პროცესი დნმ-ის ანალიზების საფუძველზე ჯერ არ დასრულებულა. 

15 სექტემბრის მონაცემებით კონფლიქტის შედეგად დაღუპული საქართველოს მოქალაქეების ოფიციალურად დარეგისტრირებული რაოდენობა 370-ს შეადგენდა, აქედან 188 სამოქალაქო პირი, 168 – სამხედრო და 14 შსს-ს თანამშრომელი იყო.

თუმცა 25 სექტემბრის ბოლო მონაცემი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს განცხადებით ყოველმხრივ გადამოწმებულია, 1-ით აღემატება 15 სექტემბერს ამავე უწყების მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ მონაცემს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)