Site icon Civil.ge

ხავიერ სოლანა საქართველოს ესტუმრება

30 სექტემბერს ხავიერ სოლანა, ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო პოლიტიკის საკითხებში საქართველოს ეწვევა.

სოლანა მოლაპარაკებებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, ასევე შეხვდება შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს და უშიშროების საბჭოს მდივანს კახა ლომაიას.

ევროკომისარი ასევე შეხვდება საქართველოს ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

ვიზიტის ფარგლებში სოლანა ასევე გეგმავს გორში ჩასვლას, სადაც აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად დევნილ მოსახლეობას მოინახულებს.

მის ვიზიტს ემთხვევა ევროკავშირის სამოქალაქო მონიტორინგის მისიის (EUMM) განთავსება სეპარატისტული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებზე.

”როიტერი” 29 სექტემბერს ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მისიის 300-ზე მეტი დამკვირვებელი უკვე საქართველოშია და 1 ოქტომბრიდან, როგორც ამას სარკოზი-მედვედევის 8 სექტემბრის შეთანხმება ითვალისწინებს, მზადაა შეუდგეს საქმიანობას ადგილზე.

ამ შეთანხმების თანახმად, ევროკავშირის მინიმუმ 200 დამკვირვებლის განთავსებიდან 10 დღეში რუსულმა ძალებმა უნდა დატოვონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, გარდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისა.

”როიტერის” წყარო ასევე აცხადებს, რომ შაბათ-კვირას მისიის წარმომადგენლები შეხვდნენ რუსულ მხარეს და მათი ჩანაცვლების მექანიზმები განიხილეს.

რუსულმა მხარემ ასევე დაადასტურა, რომ აწარმოებს კონსულტაციებს ევროკავშირის დამკვირვებლებთან.

”ევროკავშირის წარმომადგენლებს აშინებთ უფლებამოსილების გადაბარების მექანიზმი, ასევე საკითხი, თუ როგორ შეძლებენ ისინი სიტუაციის კონტროლის ქვეშ შენარჩუნებას,”- განუცხადა 29 სექტემბერს რუსეთის გენშტაბის უფროსის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა ”ინტერფაქსს”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)