ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საშემოდგომა სესია, რომელიც სტრასბურგში 29 სექტემბერს იხსნება საქართველო-რუსეთს შორის აგვისტოს ომზე გაამახვილებს ყურადღებას.
დებატები ორ ნაწილად გაიმართება: 30 სექტემბერს და 2 ოქტომბერს.
საპარლამენტო ასამბლეის 24-კაციანმა ჯგუფმა მოითხოვა PACE-ში რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხის ხელახლა განხილვა ევროპის საბჭოს ”ძირითადი პრინციპების სერიოზული დარღვევის საფუძველზე”.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა, რომელიც PACE-ში საქართველოს დელეგაციის წევრია, სტრასბურგში გამგზავრებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯერჯერობით შეუძლებელია მოთხოვნის შედეგის პროგნოზირება, ჩამოერთმევა, თუ არა რუსეთს მისი უფლებამოსილება.
დებატების გამართვამდე, ევროპის საბჭოს დეპუტაცია საქართველოსა და რუსეთს სტუმრობდა შემსწავლელი მისიით. ჯგუფმა კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების საერთაშორისო გამოძიება მოითხოვა.
ამავდროულად, 24 სექტემბერს ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში შეიკრიბნენ და რუსეთ-საქართველოს ომი და მისი შედეგები განიხილეს.
არაოფიციალური შეხვედრა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის ინიციატივით გაიმართა. ამჟამად იგი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეა.
მინისტრთა კომიტეტისთვის წარდგენილ მოხსენებაში კარლ ბილდტმა განაცხადა, რომ ვინაიდან სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილები არიან, ”ქართული ძალების მიერ განხორციელებული სამხედრო ქმედებები ეხებოდა საქართველოს ტერიტორიას” და არ უნდა განიხილებოდეს, როგორც ”აგრესია რუსეთის ფედერაციის მიმართ”.
”ამიტომ ნათელია, რომ რადგანაც ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, როდესაც ერთი სახელმწიფო სამხედრო ძალას იყენებს თავისი მოქალაქეების დასაცავად მეორე სახელმწიფოში, რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო ქმედებები საქართველოში არ შეიძლება გამართლდეს თავდაცვის მოტივით,” – განაცხადა ბილდტმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)