Site icon Civil.ge

კონფლიქტურ ზონებში სტატუს კვო უნდა აღდგეს – სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ 10 ოქტომბრისთვის რუსული ძალების გასვლის შემდეგ აგვისტოს ომის დაწყებამდე არსებული სტატუს კვო აღდგება.

”რასაც ჩვენ მკაფიოდ ველით, რომ მივიღებთ 10 ოქტომბრისათვის, ესაა 7 აგვისტომდე არსებულ სტატუს კვოს დაბრუნება,” – განაცხადა 30 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა, ”სტატუს კვო რეალურად ნიშნავს ძველ პოზიციებზე დაბრუნებას, რომელსაც ე.წ. რუსი სამშვიდობოები აკონტროლებდნენ ორივეგან სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში; პოზიციებზე, რომლებსაც აკონტროლებენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლებები”.

მან ეს განცხადება ევროკავშირის უმაღლეს კომისართან საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში, რომელიც ფუნქციონირებას 1 ოქტომბრიდან შეუდგება, ”აქვს ნათელი მანდატი ფარავს რა საქართველოს მთელ ტერიტორიას, მათ შორის იმას, რომელიც ამჟამად არაა ქართული კონტროლის ქვეშ”.

მისი თქმით, პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, რაც რუსული ძალების ევროპელებით ჩანაცვლებას გულისხმობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებზე ე.წ. ბუფერულ ზონებში, უნდა დაიწყოს შემდგომი ეტაპი – რუსული ძალების მთლიანად გაყვანის პროცესი.

”მეორე ეტაპი ესაა დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების პირობები, პროცესის ინტერნაციონალიზაცია, რუსების გასვლა საქართველოს ტერიტორიიდან, რადგან ახლა ეს ტერიტორიები ოკუპირებულია უცხო სამხედრო ძალის მიერ სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის მთავრობის ნების წინააღმდეგ,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”ეს ძალიან უჩვეულო, არაორდინალური სიტუაციაა ჩვენთვის, ევროკავშირისთვის და მსოფლიო საზოგადოებრიობისათვის”.

თუმცა გარდა იმისა, რომ ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ ისინი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დატოვებას არ აპირებენ, 30 სექტემბერს რუსულმა მხარემ ასევე განაცხადა, რომ 1 ოქტომბერს ევროკავშირის დამკვირვებლები ”ბუფერულ ზონებში” დაუყოვნებლივ ვერ შევლენ.

”ხვალიდან ევროკავშირის წარმომადგენლები დაიწყებენ მონიტორინგის განხორციელებას უსაფრთხოების ზონის სამხრეთის საზღვრებამდე,” – იტყობინება ”როიტერი” რუსი სამშვიდობოების ოფიციალურმა წარმომადგენლის ვიტალი მანუშკოს სიტყვებზე დაყრდნობით.

ხავიერ სოლანას განცხადებით ეს განცხადებები წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებთან.

მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ევროკავშირმა შეასრულა სარკოზი-მედვედევის 8 სექტემბრის შეთანხმებით აღებული ვალდებულება დამკვირვებლების გამოგზავნასთან დაკავშირებით და იგივეს ელის ამ შეთანხმების მეორე მხარისგან.  მისი თქმით, დამკვირვებლების განთავსება 1 ოქტომბრიდან დაიწყება.

”თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ 300 დამკვირვებელი განთავსდება უკვე ხვალვე,”- აღნიშნა სოლანამ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას, ”ჩვენ უკვე დავიწყეთ შესრულება [ვალდებულებების], ხვალაც გავაგრძელებთ ამის გაკეთებას და ზეგაც და ძალიან მოხარული ვიქნებით, თუ ყველა სხვა მხარე შეასრულებს ისევე, როგორც ეს ჩვენ გავაკეთეთ”.

სოლანამ იმედი გამოთქვა, რომ რუსი ჯარისკაცები 10 ოქტომბრისთვის სრულად დატოვებენ ე.წ. ბუფერულ ზონებს.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი ჩანაცვლების საკითხებზე კოორდინირებულად მოქმედებს როგორც რუსეთთან, ისე საქართველოსთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)