Site icon Civil.ge

შსს-ის თქმით, რუსული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოვარდა

30 სექტემბერს, დაახლოებით, 17 საათზე, ახალგორის რაიონის სოფელ ოძისთან ჩამოვარდა რუსული უპილოტო მზვერავი თვითმფრინავი, აცხადებს საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტრო 1 ოქტომბერს.

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა Civil.ge-ს განუმარტა, რომ უპილოტო თვითმფრინავი, რომელიც ქართული პოზიციების დაზვერვას ახორციელებდა, ტექნიკური გაუმართაობის მიზეზით ჩამოვარდა.

”ჩვენ ეს თვითმფრინავი არ ჩამოგვიგდია, ის თავისით ჩამოვარდა და ეს ფაქტი ქართველმა პოლიციელებმა დააფიქსირეს,”- აღნიშნა მან.

უტიაშვილის თქმით, რუსული უპილოტო თვითმფრინავი ფოტო კამერით ახორციელებდა გადაღებებს.

თუმცა რუსული მხარე მისი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის ფაქტს უარყოფს.

”მე ამ ინფორმაციას არ ვადასტურებ,”- განუცხადა 1 ოქტომბერს ”ინტერფაქსს” ცხინვალიდან რუსული ძალების წარმომადგენელმა ვიტალი მანუშკომ.

ამ ინციდენტამდე ერთ კვირით ადრე შსს-მ განაცხადა, რომ ქართველმა სამართალდამცავებმა 22 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის მიმდებარე სოფლებს ხურვალეთსა და წითელუბანს შორის ტერიტორიაზე ჩამოადგეს რუსული უპილოტო მზვერავი თვითმფრინავი. თუმცა ეს ინფორმაცია რუსულმა მხარემ მაშინაც კატეგორიულად უარყო.

შსს-ს განცხადებით, ერთი კვირის წინ ჩამოგდებული საფრენი აპარატი ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ფოტო გადაღებას ახდენდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)