Site icon Civil.ge

არასაპარლამენტო ოპოზიცია მედიის თავისუფლებისათვის პირობებს აყენებს

არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები ქვეყანაში თავისუფალი მედიის უზრუნველსაყოფად პირველ ეტაპზე ხელისუფლებას 5 პირობის შესრულებისკენ მოუწოდებენ:

• აღდგეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ ”პრაიმ-ტაიმი” საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში და გაიმართოს ყოველდღიური პოლიტიკური დებატები; 
• საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საზოგადოების ნდობით აღჭურვილ დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ჯგუფს დაეთმოს საეთერო დრო ჟურნალისტური გამოძიებისთვის;
• დაუბრუნდეს ტელეკომპანია ”იმედი” მის კანონიერ მესაკუთრეს;
• მიეცეს ტელეკომპანია ”მაესტროს” საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების გაკეთების საშუალება;
• საზოგადოებას დაუყოვნებლივ მიეწოდოს ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში მოქმედი ყველა ტელეკომპანიის მესაკუთრეთა ვინაობის შესახებ, შესაბამისი იურიდიული პირების მესაკუთრე ფიზიკური პირების ვინაობის ჩათვლით.

აღნიშნული მოთხოვნები შვიდი ოპოზიციური პარტიის – ახალი მემარჯვენეების, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, კონსერვატიული პარტიის, ლეიბორისტების, რესპუბლიკელების, საქართველოს გზის და ხალხის პარტიის წარმომადგენლებმა  – დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაახმოვანეს.

მათი განცხადებით, საქართველოში ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელი ყველა ტელეარხი დღეს ხელისუფლების ”პროპაგანდის იარაღად” არის ქცეული და ობიექტური ინფორმაციის ნაცვლად, საზოგადოებას ”ვირტუალურ რეალობას” აწვდის.

”მასმედიის თავისუფლება უპირველეს ყოვლისა ხელისუფლებისგან თავისუფლებას ნიშნავს,” – ნათქვამია განცხადებაში.

იმავდროულად, ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ მოუწოდა აგვისტოს მოვლენების დამოუკიდებელი შესწავლისაკენ ექსპერტების მიერ, რადგან განაცხადა, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია არ ენდობა ამ მიზნით პარლამენტში შექმნილი დროებითი კომისიის საქმიანობას.

”საჭიროა ღია, საჯარო მსჯელობა თუ რა მოხდა; რატომ მოხდა;  რა იყო ამის მიზეზი და ვინ არის პასუხისმგებელი,”- აღნიშნა მან.

გამყრელიძის განცხადებით, არასაპარლამენტო ოპოზიციის ამ მოთხოვნების იგნორირება ”ხელისუფლებას ძვირად დაუჯდება და მოხდება ის, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება”.

იმავდროულად, პარლამენტში მოქმედი ანტიკრიზისული საბჭოს ფარგლებში მომზადდა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს დებატების რეგულარულად გამართვას ავალდებულებს. ამ არხზე დებატები 3 ოქტომბერს განახლდა მას შემდეგ, რაც 17 ივნისს თოქ-შოუ ”დღის კომენტარი” საზაფხულო შვებულების მოტივით დაემშვიდობა მაყურებელს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)