Site icon Civil.ge

მოსკოვი თბილისს დაძაბულობის ზრდაში ადანაშაულებს

თბილისში გარკვეული ძალები ცდილობენ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ”ტერაქტების სერიით” ვითარების დაძაბვას, აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება 6 ოქტომბერს.

”გარკვეულ ძალებს თბილისში, რომელთაც არ აწყობთ რუსი სამშვიდობოებისგან ევროკავშირის დამკვირვებლებზე ფუნქციების ნორმალური და ეტაპობრივი გადაცემა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ირგვლივ უსაფრთხოების ზონებში, შეგნებულად მიდიან რეგიონში ვითარების გართულებაზე და ტერაქტების სერიით ცდილობენ ახალი საომარი მოქმედებების პროვოცირებას,”- ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა ფრანგ კოლეგას ბერნარ კუშნერს ვითარების გამწვავების გამო წერილი გაუგზავნა.

”ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირი, რომელიც გამოვიდა საქართველოს მხრიდან ძალის არ გამოყენების გარანტად, მიიღებს შესაბამის ზომებს ვითარების სტაბილიზაციისათვის აღებული ვალდებულებების შესაბამისად,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება და იქვე დასძენს, რომ ერთგული რჩება 10 ოქტომბრისთვის ე.წ. ბუფერული ზონებიდან ძალების გაყვანის ვალდებულების.

ვითარება სამხრეთ ოსეთში 3 ოქტომბრიდან დაიძაბა, როცა შვიდი რუსი სამხედრო და სულ ცოტა ოთხი ადამიანი დაიღუპა რუსეთის სამშვიდობოების შტაბთან მანქანის აფეთქების შედეგად; იმავე დღეს თავდასხმა მოხდა ახალგორში; ხოლო 6 ოქტომბერს რუსული სამხედრო კოლონის მსვლელობისას აფეთქებას ჰქონდა ადგილი ენგურის წყალსაცავთან ახლოს მდებარე გზაზე.

ანალოგიური ბრალდებები მოსკოვის მიმართ დაძაბულობის პროვოცირებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც გაახმოვანეს. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსული მხარე დგას ცხინვალში 3 ოქტომბერს მომხდარი აფეთქების უკან.

”საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაჩნია, რომ ეს არის რუსული სპეცსამსახურების მიერ მოწყობილი პროვოკაცია, რომლის მიზანია კონფლიქტის ზონის მიმდებარე რაიონებიდან რუსული საოკუპაციო ჯარების გაყვანის გაჭიანურება,”- ნათქვამია შსს-ს 3 ოქტომბრის განცხადებაში.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა 3 ოქტომბერს განაცხადა, რომ ქართული მხარე არ უნდა აჰყვეს შესაძლო პროვოკაციებს, რომელთა ”რისკები ახლა ძალიან მაღალია”. 

”ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციაზე, თავიდან ავიცილოთ სამხედრო პროვოკაცია,”- განაცხადა იაკობაშვილმა 3 ოქტომბერს, ”დაველოდოთ 10 ოქტომბერს, ვნახოთ, რა მდგომარეობა იქნება”.

10 ოქტომბრისთვის რუსული ძალები უნდა გავიდნენ სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან. მათ სრულად ჩაანაცვლებენ ევროკავშირის დამკვირვებლები, რომელთაც ამჟამად, იაკობაშვილის განცხადებით, რუსული ძალები ”სხვადასხვა მიზეზებით უკრძალავენ თავისუფალ გადაადგილებას”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)