Site icon Civil.ge

თბილისი მოსკოვს ცილისმწამებლურ კამპანიაში ადანაშაულებს

რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო თანამეგობრობის შეცდომაში შეყვანის მიზნით კვლავ აგრძელებს ”ცილისმწამებლურ პროპაგანდისტულ” კამპანიას ადანაშაულებს რა ქართულ მხარეს კონფლიქტურ რეგიონებში ვითარების დაძაბვაში, ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში 7 ოქტომბერს.

ეს განცხადება საქართველოს საგარეო უწყებამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 6 ოქტომბრის განცხადების საპასუხოდ გაავრცელა, რომელშიც თბილისი ”ტერაქტების სერიის” მოწყობის გზით რუსული ძალების გასვლის წინ ვითარების ესკალაციაშია დადანაშაულებული.

საქართველოს საგარეო უწყება კონტრბრალდებებს აყენებს აცხადებს რა, რომ  რუსეთის მხარე არ ერიდება დანაშაულებრივ ქმედებებს კონფლიქტების ზონებში.

”კერძოდ, რუსი სამხედროების მიერ უკანონოდ გახსნილი ბლოკ-საგუშაგოებიდან სროლების შედეგად დაიღუპა 3 ქართველი პოლიციელი. სისტემატიურად ხდება გზებისა და სხვადასხვა ობიექტების დანაღმვა, რასაც აგრეთვე მოყვა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში,” – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საგარეო უწყება ასევე აღნიშნავს, რომ 3 ოქტომბრის ტერაქტი ცხინვალში და ”მდგომარეობის შემდგომი ესკალაცია წარმოადგენს წინასწარ მოფიქრებული გეგმის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფების გაყვანის პროცესის გაჭიანურებასა და კონფლიქტის ზონაში ევროკავშირის დამკვირვებლების განლაგების შეფერხებას”.

ამასთან, თბილისი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა რუსეთის ფედერაციის მიერ ექვს-პუნქტიანი გეგმის დებულებების უპირობო შესრულების უზრუნველსაყოფად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)