საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი თბილისს 9 ოქტომბერს, საღამოს ეწვევა, განუცხადეს Civil.Ge-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
იგეგმება მისი შეხვედრა პრეზიდენტ სააკაშვილთან, თუმცა ვიზიტის პროგრამის დეტალები ჯერ-ჯერობით საბოლოოდ დაზუსტებული არ არის.
ბერნარ კუშნერი 10 ოქტომბერს გორის რაიონში გაემგზავრება და ევროკავშირის დამკვირვებლებთან ერთად ადგილზე მოინახულებს, თუ როგორ სრულდება შეთანხმება 10 ოქტომბრამდე ე.წ. ბუფერული ზონებიდან რუსული ჯარის გაყვანის შესახებ.
ეს აგვისტოს მოვლენების შემდეგ ბერნარ კუშნერის საქართველოში მეოთხე ვიზიტია. საფრანგეთმა, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად მოსკოვსა და თბილისს შორის შუამავლის როლი იკისრა.
რუსული ძალების ევროკავშირის დამკვირვებლებით ჩანაცვლების პროცესს, სავარაუდოდ, განიხილავენ ასევე საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და მისი რუსი კოლეგა დიმიტრი მედვედევი დღევანდელ შეხვედრაზე საფრანგეთის ქალაქ ავიანში დაგეგმილ შეხვედრაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)