Site icon Civil.ge

მედვედევი: ნატოს გაფართოება რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული

საქართველოსა და უკრაინის ნატოში მიღების საკითხი რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია, განაცხადა 8 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა.

”დღეს აქტიურად განიხილება ნატოში საქართველოსა და უკრაინის მიღების საკითხი,”- აღნიშნა მან, ”თან ეს საკითხი შემდეგ სახით დგას – ამ ქვეყნების მიღება ნიშნავს რუსეთზე უპირატესობის მოპოვებას, ხოლო მათი არ მიღება – რუსეთის წინაშე კაპიტულაციას”.

”რეალურად კი საუბარი  სულ სხვა რამეზეა – ალიანსი თავის სამხედრო ინფრასტრუქტურას ჩვენი ქვეყნის საზღვრებს უახლოვებს და ახალ გამყოფ ხაზებს ავლებს ევროპაში, ახლა უკვე ჩვენს დასავლეთ და სამხრეთ საზღვრებზე,”- განაგრძო მან, ”საკმაოდ ბუნებრივია, რომ რაზეც არ უნდა გვესაუბრებოდნენ, ჩვენ განვიხილავთ ამ ქმედებებს, როგორც ჩვენ წინააღმდეგ მიმართულს”.

რუსეთის პრეზიდენტმა ეს განცხადება საფრანგეთის კურორტ ევიანში გააკეთა, სადაც ის მაღალი დონის კონფერენციაში იღებს მონაწილეობას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)