რუსეთი თავის ძალებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან 8 ოქტომბერს შუაღამისთვის გაიყვანს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა.
ევიანში, სადაც ის საერთაშორისო კონფერენციას ესწრება, მან უთხრა ჟურნალისტებს: ”მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ დღეს შუაღამემდე რუსული სამშვიდობო კონტინგენტი დატოვებს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის უსაფრთხოების ზონას”.
იმავდროულად, ცხინვალის რეგიონში რუსული ძალების სარდალმა მარატ კულახმეტოვმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე განლაგებული ექვსივე ბლოკ-საგუშაგო უკვე დახურულია.
”ხუთი საგუშაგოს პირადი შემადგენლობა უკვე სამხრეთ ოსეთში იმყოფება,”- იუწყება ”ინტერფაქსი” კულახმეტოვის სიტყვებზე დაყრდნობით, ”მეექვსე საგუშაგოს უკანასკნელი ავტოკოლონა ცხინვალისკენ მოემართება”.
გაყვანისა და საგუშაგოების მოხსნის პროცესი აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის ქართულ მხარესაც შეინიშნებოდა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჰანსიორგ ჰაბერი დღეს მისიის ზუგდიდის ოფისს სტუმრობდა.
მან განუცხადა Associated Press-ს, რომ ევროკავშირის დამკვირვებლები ”ყოველთვის იმ ვარაუდიდან გამოდიოდნენ, რომ პროცესი პარასკევისთვის დასრულდებოდა და ეს არის სწორედ ამ ვარაუდის დადასტურება”.
სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ ახალგორის რაიონიდან გასვლას რუსული ძალები არ ჩქარობენ იმ ფონზე, როცა სამხრეთ ოსეთის სხვა მიმდებარე ტერიტორიებს და ასევე სამეგრელოს საგუშაგოებს რუსული ძალები დილიდან ტოვებენ.
”ახალგორის სოფლებში შეინიშნება [სანგრების] გათხრები, რომელიც მიუთითებს მათი [რუსი ჯარისკაცების] დარჩენის მცდელობას,”- განუცხადა იაკობაშვილმა 8 ოქტომბერს ჟურნალისტებს.
მიუხედავად იმისა, რომ ახალგორი ადმინისტრაციულად სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ნაწილი იყო, ქალაქი და მისი შემოგარენი სოფლები არასდროს ყოფილა სეპარატისტული ხელისუფლების კონტროლის ქვეშ. სამხრეთ ოსური ძალები, რუსეთის მხარდაჭერით, ახალგორში აგვისტოს ომის შემდეგ შევიდნენ.
რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთახმებით თავისი ძალების ომამდე არსებულ პოზიციებზე გაყვანის ვალდებულება აიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსული ძალები უნდა გავიდნენ ახალგორიდან, ასევე ცხინვალის გარშემო მდებარე იმ სოფლებიდან, რომელთაც ომამდე თბილისი აკონტროლებდა. თუმცა, რუსეთმა განაცხადა, რომ 12 აგვისტოს შემდეგ რეალობა შეიცვალა, რადგანაც მოსკოვმა 26 აგვისტოს თვითგამოცხადებული რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, რუსული ძალების გაყვანა ე.წ. ბუფერული ზონებიდან პირველი ეტაპია, ხოლო მეორე ეტაპი იქნება ევროკავშირის დამკვირვებლების შესვლა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის შიგნით, რასაც მოსკოვი ეწინააღმდეგება.
იმავდროულად, ქართული მედია იტყობინება, რომ გორის რაიონის იმ სოფლებში, მათ შორის კარალეთსა და ვარიანში, საიდანაც რუსული ძალები უკვე გავიდნენ, პოზიციები უკვე დაიკავეს ქართველმა სამართალდამცავებმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დაადასტურა, რომ რუსული ძალების გასვლის პარალელურად გათავისუფლებულ სოფლებში შედის ”ქართულ პოლიცია თავის სპეცდანიშნულების რაზმებთან ერთად”.
”დღეს საღამომდე მთელ ამ სოფლებს, ამ ტერიტორიას გააკონტროლებს ქართული პოლიცია,”- განუცხადა მან ჟურნალისტებს, ”როგორც კი რუსი ოკუპანტები დატოვებენ ამ ტერიტორიას, ნახევარ საათში იძულებით გადაადგილებულ პირებს საშუალება ექნებათ დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს და ქართული პოლიცია იღებს მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე მათი უსაფრთხოების თაობაზე”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)