ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანა მიესალმება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან რუსული ძალების გაყვანის პროცესს.
”მე ახლახანს ვესაუბრე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ჰანსიორგ ჰაბერს, რომელმაც დამიდასტურა, რომ გაყვანა მიმდინარეობს და რუს მეთაურებთან თანამშრომლობა კონსტრუქციულად გრძელდება,”- ნათქვამია სოლანას საგანგებო განცხადებაში, რომელიც 8 ოქტომბერს გამოქვეყნდა, ”მე გამოვხატავ კმაყოფილებას სიტუაციის ევოლუციის გამო”.
8 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა პირობა დადო, რომ რუსული ძალები ე.წ. ბუფერულ ზონებს შუაღამისთვის დატოვებდნენ.
იმავდროულად, ”როიტერი” იტყობინება, რომ რუსულმა ძალებმა დაასრულეს გასვლის პროცესი.
”ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ე.წ. ბუფერული ზონებიდან გაყვანა დასრულებულია,”- აცხადებს ”როიტერი” შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით.
რუსულმა ძალებმა საგუშაგოების დემონტაჟი რამდენიმე დღის განმავლობაში განახორციელეს, ხოლო გასვლა დღეს დილიდან დაიწყეს ორი კონფლიქტური რეგიონის მიმდებარე ტერიტორიებიდან, სადაც უკვე პოზიციებს იკავებენ ქართველი პოლიციელები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)