ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირთან გამართავს კონსულტაციებს, რათა შეაფასოს სრულად ასრულებს, თუ არა რუსეთი 8 სექტემბრის შეთანხმებას, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
შონ მაკკორმაკმა 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთი ”ფაქტიურად იწყებს ევროკავშირთან 8 სექტემბერს მიღწეული შეთანხმების შესრულებას” თავისი საგუშაგოების მოხსნით და სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან თავისი ძალების გაყვანით. მან აღნიშნა, რომ ეს ”კარგი ნიშანია”.
”ჩვენი შეფასება მომავალ კვირას იქნება,” – განუცხადა მან ჟურნალისტებს ვაშინგტონში. ”როდესაც რუსები იტყვიან, რომ მათ დაასრულოეს თავიანთი საქმიანობა, ჩვენ კონსულტაციებს გავმართავთ ევროკავშირთან, რათა მივიღოთ მათი შეფასება იმასთან დაკავშირებით, სრულად შეასრულეს, თუ არა რუსებმა 8 სექტემბრის შეთანხმება, რის შემდეგაც შესაძლებლობა გვექნება მოგაწოდოთ განახლებული ინფორმაცია”.
იმავრდოულად, რუსული ძალების სარდალმა სამხრეთ ოსეთში მარატ კულახმეტოვმა განაცხადა 8 ოქტომბერს გვიან, რომ ძალების გაყვანის და საგუშაგოების მოხსნის პროცესი მთლიანად დასრულდა. მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა აღნიშნა, რომ საგუშაგოების მოხსნის პროცესი შუაღამისთვის დასრულდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ რუსეთი ტოვებს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებს, მათი თქმით, რუსეთი მხოლოდ მაშინ შეასრულებს 12 აგვისტოს ექვს-პუნქტიანი შეთანხმებით და 8 სექტემბერს რუსეთის და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის მიღწეული შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს, როდესაც ის ომამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნდება.
ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე 12 აგვისტოს შეთანხმებითაა გათვალისწინებული.
ეს იმას ნიშნავს, რომ რუსული ძალები უნდა გავიდნენ ახალგორიდან, ასევე ცხინვალის გარშემო მდებარე რამდენიმე სოფლიდან და კოდორის ხეობიდან, რომელთაც ომამდე თბილისი აკონტროლებდა. თუმცა, რუსეთის თქმით, 12 აგვისტოს შემდეგ რეალობა შეიცვალა, რადგანაც რუსეთმა მას შემდეგ ორი თვითგამოცხადებული რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა.
მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის 8 სექტემბერს მიღწეული შეთანხმება პირდაპირ არ მიუთითებს ომამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნებისკენ, დოკუმენტში ნახსენებია 12 აგვისტოს ძირითადი შეთანხმება და ნათქვამია, რომ მხარეებმა უნდა შეასრულონ მისი პრინციპები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)