პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ იგი გამოდის ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნის ინიციატივით, რომელიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაგეგმილი არჩევნების პროცესს გააკონტროლებს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარება 3 ნოემბერს იგეგმება.
”აჭარის არჩევნები ტარდება საქართველოს სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში, მაშინ, როდესაც საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რომ მიუხედავად რუსული აგრესიისა, ქვეყანამ არ გადაუხვია დემოკრატიული განვითარების გზას; მაშინ, როდესაც საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რომ მიუხედავად რუსული აგრესიისა, ის რჩება ერთგული იმ ღირებულებებისა, რომელსაც ის დღემდე აშენებდა – ეს არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები და თავისუფალი არჩევნები,” – განაცხადა ბაქრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან მოუწოდა არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიის წარმომადგენელს შეუერთდნენ ჯგუფის მუშაობას. ”ჩვენი საერთო ამოცანაა ამ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება,” – განაცხადა მან.
ბაქრაძის თქმით, მან სთხოვა საერთაშორისო ორგანიზაციებს და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტებს დამკვირვებლები გამოაგზავნონ აჭარაში. ”აჭარაში უნდა იყოს რაც შეიძლება ბევრი დამკვირვებელი, რათა მთელი პროცესი წარიმართოს გამჭირვალედ,” – დასძინა მან.
მან ასევე გააფრთხილა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ ნებისმიერი უკანონობა მკაცრად იქნება აღკვეთილი.
რამდენიმე დღის წინ დეპუტატებმა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან განაცხადეს, რომ აჭარის გამგებლებს უკვე მიცემული აქვთ დავალებები, თუ ვინ რამდენი ხმა უნდა მოაგროვოს ხელისუფლებისათვის. მათ მმართველ პარტიას ამ ცნობებზე რეაგირებისაკენ მოუწოდეს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად შემდეგი ცხრა პარტიაა დარეგისტრირებული: ნაციონალური მოძრაობა; ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია; მრეწველები; ქართული დასი; ჩვენ თვითონ; ქართული პოლიტიკა; ეროვნულ-დემოკრატიული პარტია; საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია; და კონსერვატიული პარტია.
თუმცა კონსერვატიული პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი, სხვა ძირითადი არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების მსგავსად, მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ აჭარის არჩევნებში. პარტიის განცხადებით, კონსერვატორი კანდიდატები ბოლო მომენტში მოხსნიან კანდიდატურებს, მანამდე კი წინასაარჩევნო საეთერო დროს აქტიურად გამოიყენებენ არჩევნების ბოიკოტირებისაკენ მოწოდებებისთვის.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)