Site icon Civil.ge

სოლანა ადასტურებს რუსული ძალების გასვლას

ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანამ 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსული ძალები გავიდნენ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან.

მან განაცხადა, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ საქართველოში დაადასტურა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 12 საგუშაგო და ერთი სამხედრო ბაზა გააუქმეს აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიაზე და ხუთი საგუშაგო და ერთი პოსტი სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიაზე.

”მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ევროკავშირის მისიის დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა დაასრულეს დაგეგმილი გაყვანა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან,” – განაცხადა სოლანა. ”ვიმედოვნებთ, რომ ეს გასვლა საშუალებას მისცემს დევნილებს დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში და ხელი შეუწყონ ამ რაიონებში მათი ცხოვრების პირობების ნორმალიზებას. ასევე ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის მისიის ყოფნა ამ ტერიტორიებზე შეამცირებს დაძაბულობას, ხელს შეუწყობს უსაფრთხოების გრძნობის გაჩენას და კანონის უზენაესობის პატივისცემის გაძლიერებას”.

იმავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 ოქტომბერს გამოქვეყნებულ მოკლე განცხადებაში, აღნიშნა, რომ რუსეთის წარმომადგენლობამ უკვე აცნობა ოფიციალური ნოტით ევროკავშირს რუსული ძალების გაყვანის დასრულების თაობაზე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან, ”რაც შეესაბამება მედვედევი-სარკოზის 12 აგვისტოს და 8 სექტემბრის დოკუმენტებს”.

რუსეთის საგარეო უწყებამ ასევე იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომელსაც 9 ოქტომბერს ”სრულად გადაეცა” უსაფრთხოების კონტროლის ფუნქცია, ”ამ ძალისხმევაში ასევე შეუერთდებიან გაეროსა და ეუთოს დამკვირვებლები”. 

”დამკვირვებლების მთავარ ამოცანად გვესახება ქართული მხრიდან ძალისმიერი რეციდივის დაუშვებლობა,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება, ”ვიმედოვნებთ, რომ აქ კანონიერებისა და მართლწესრიგის მხარდაჭერა, სხვადასხვა ტიპის პროვოკაციებისა და ინციდენტების აღკვეთა ასევე იქნება მათი ამოცანა”. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირის დამკვირვებლები მათი პასუხისმგებლობის ზონაში პრევენციულ ზომებს გაატარებენ, რათა არ დაუშვან ახალი ქართული სამხედრო ბაზების და გასამხედროებული ძალების განთავსება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)