Site icon Civil.ge

”ბუფერული ზონები” ძირითადად გაუქმებულია, თუმცა ოკუპაცია გრძელდება – სააკაშვილი

რუსეთმა მისივე შექმნილი ”ბუფერული ზონები” ძირითადში გააუქმა, თუმცა რუსული ძალები კვლავ რჩებიან ახალგორში და საქართველოს კონფლიქტური რეგიონების ოკუპაცია გრძელდება, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბერნარ კუშნერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

”რუსეთის მიერ შექმნილი ე.წ. ბუფერული ზონები ძირითადში გაუქმებულია, გარდა ერთი ზონისა – ეს არის ახალგორი,”- აღნიშნა მან, ”7 აგვისტომდე არსებული სტატუს კვოს დაბრუნება ჯერ არ განხორციელებულა და ჩვენ ამაზე ვაპირებთ რომ ვიმუშაოთ ფრანგებთან და ჩვენ პარტნიორებთან ერთად ჟენევაში დანიშნულ მოლაპარაკებებზე”.

პრესკონფერენციაზე საუბრისას კუშნერმა ასევე განაცხადა, რომ ძირითადი ტერიტორიიდან რუსები გავიდნენ, მაგრამ ”ვიცი, რომ ახალგორის რაიონი რჩება ჯერ კიდევ გასათავისუფლებელი”.

თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ ახალგორზე სარკოზი-მედვედევის შეთანხმებაში ცალსახად არ ყოფილა საუბარი, ”მაგრამ იქ საუბარი იყო [კონფლიქტური რეგიონების] მიმდებარე ტერიტორიებზე”.

”ეს რჩება პრობლემად და ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებებზე უნდა დავუბრუნდეთ ამ საკითხებს,”-  აღნიშნა კუშნერმა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავარი მიზანია საბოლოო დეოკუპაცია.

”საქართველოს ორივე ტერიტორია არის ოკუპირებული რუსული სამხედრო მანქანის მიერ და მათ განახორციელეს უკანონო სამართლებრივი აქტები ამ ტერიტორიები მიმართ,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”საქართველო არასდროს არ შეურიგდება არც აგრესიას და არც ოკუპაციას და ქართველი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის და დეოკუპაციისთვის გაგრძელდება მანამ, სანამ ბოლო რუსი ჯარისკაცი არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას. ამაზე ილუზია ნურავის ნუ ექნება”.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში კვლავაც გრძელდება რუსული აგრესია, რომელიც ”იყო დიდი ხნის წინ მომზადებული და რომლის მიზანი არის საქართველოს ნაწილებად დაყოფა”.

იმავდროულად, მან მადლიერება გამოხატა ევროპელი პარტნიორების მიმართ იმის გამო, რომ ”საქართველო არ დატოვეს მარტო ამ აგრესიის წინაშე”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)